Accessibility links

logo-print logo-print

ვინ ჩამოხსნის საარჩევნო სააგიტაციო მასალებს


ხიდები, ხეები, ადმინისტრაციული და კერძო შენობების მესერები, ნაგვის ურნები, ელექტროენერგიის ბოძები -  მოკლედ, ყველა ის ადგილი, სადაც კი ადამიანის ხელი და სპეცტექნიკა მისწვდა, საარჩევნო პლაკატებითა და ბილბორდებით არის აჭრელებული.

პოლიტიკურმა პარტიებმა და ცალკეულმა სუბიექტებმა საარჩევნო მასალის განთავსება ღია სივრცეებში ჯერ კიდევ აგვისტოს თვიდან დაიწყეს. შესაბამისად, 4 თვეზე მეტია, საარჩევნო სააგიტაციო მასალები ხშირ შემთხვევაში ქალაქებისა და სოფლების იერსახეს მნიშვნელოვნად ამახინჯებს.

პირველ რიგში დიდი ბანერები იყო ჩამოსახსნელი. ამის ორგანიზება უკვე მოხდა და ჩამოვხსენით...
გიორგი ღამბაშიძე

არადა, საარჩევნო კოდექსით, არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტი ვალდებულია საკუთარი პარტიისა თუ კანდიდატის სააგიტაციო-სარეკლამო მასალა თავადვე ჩამოხსნას და გაანადგუროს, თუმცა პარტიები ამას თითქმის არასდროს არ აკეთებენ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კანდიდატებისა და პარტიების განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩეოდა. შესაბამისად, სხვა არჩევნებთან შედარებით, მეტი იყო საარჩევნო სააგიტაციო მასალებიც.

ჩვენ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრ გიორგი ღამბაშიძეს ვკითხეთ, რატომ არ ჩამოხსნეს, მაგალითად, კახეთში თავიანთი კანდიდატის, ირაკლი ქაგადიშვილის, პლაკატები და სხვა მასალები.

„პირველ რიგში დიდი ბანერები იყო ჩამოსახსნელი. ამის ორგანიზება უკვე მოხდა და ჩამოვხსენით. სპეციალური ჯგუფები ჩამოხსნიან პატარა პლაკატებს. კორონავირუსის გამო ვერ ხერხდება, რომ დიდმა ჯგუფებმა ერთად იარონ. რაც შეეხება უფრო ძველ პლაკატებს, ეს საკითხი მოსაგვარებელია“.

არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობდნენ „ერთიანი ნაციონალური-მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიციის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც. სხვების მსგავსად, ამ ბლოკსაც დიდი რაოდენობით საარჩევნო სააგიტაციო მასალა ჰქონდა გამოკრული ღია სივრცეებში, თუმცა პარტიის წარმომადენელი, ლაგოდეხის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ფირუზ გელაშვილი ამბობს, რომ მათი სააგიტაციო მასალის განადგურებაზე ჯერ კიდევ არჩევნებამდე პერიოდში მმართველმა გუნდა იზრუნა და ახლა ჩამოსახსნელი და გასანადგურებელი თითქმის აღარაფერი დარჩა.

პოლიტიკური სუბიექტები ვალდებული არიან, რომ ჩამოხსნან პლაკატები, წინააღმდეგ შემთხვევაში რეაგირებას მოახდენს მერიის ზედამხედველობის სამსახური. კერძოდ კი, პირველ ჯერზე გათვალისწინებულია 50-ლარიანი ჯარიმა...
ნინო ბატიაშვილი

„ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერ კიდევ არჩევნებამდე ესხმოდნენ თავს ჩვენი პარტიის ოფისებს და კვერცხებს ესროდნენ. სწორედ მათ გაანადგურეს ჩვენი საარჩევნო მასალებიც. აქედან გამომდინარე, ისევ მათ გააგრძელონ იმ მასალების ჩამოხსნაც, თუ კიდევ დარჩა რამე. როგორც პარლამენტში მარტო დარჩნენ, ასევე მარტოებმა ჩამოხსნან ეს პლაკატებიც“.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პლაკატების ჩამოხსნაზე პასუხისმგებელი არიან თავად პოლიტიკური პარტიები და სუბიექტები. უფრო მეტიც, მათ ამის გასაკეთებლად კონკრეტული ვადა აქვთ მიცემული, სხვა შემთხვევაში ჯარიმებია გათვალისწინებული. პოლიტიკურმა სუბიექტებმა კანონი რომ შეასრულონ, ამაზე პასუხისმგებელი არიან მერიის თანამშრომლები. ლაგოდეხის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ნინო ბატიაშვილის თქმით, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში ყველა ის მასალა უნდა იყოს ჩამოხსნილი და განადგურებული, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოიყენეს. თუ ასე არ მოხდა, იქნება ჯარიმები.

„პოლიტიკური სუბიექტები ვალდებული არიან, რომ ჩამოხსნან პლაკატები, წინააღმდეგ შემთხვევაში რეაგირებას მოახდენს მერიის ზედამხედველობის სამსახური. კერძოდ კი, პირველ ჯერზე გათვალისწინებულია 50-ლარიანი ჯარიმა, განმეორების შემთხვევაში - 500-ლარიანი. ეს საკითხი რეგულირდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და კვალიფიცირდება როგორც მუნიციპალიტეტის ტერიტორიის იერსახის დამახინჯება. შემაჯამებელი ოქმი სამ დეკემბერს გამოქვეყნდა და პლაკატების ჩამოსახსნელად ვადები ჯერ არის“, - განაცხადა ნინო ბატიაშვილმა.

მართალია, ამ შემთხვევაში ვადა ჯერ არ არის გასული, მაგრამ პოლიტიკურ პარტიებსა და სუბიექტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები არ შეუსრულებიათ წინა არჩევნების დროს. ამის მაგალითია კახეთის სოფლები, სადაც ჯერ კიდევ შეხვდებით საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისდროინდელ პლაკატებს, თუმცა ამისთვის არავინ დაუჯარიმებიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG