Accessibility links

site logo site logo

კარლ ჰარცელის თქმით, გრძელდება ჯადოსნური საერთო ნიადაგის ძებნა პოზიციების დასაახლოებლად


საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, გრძელდება ფიქრი იმისთვის, რათა ოპოზიციისა და ხელისუფლების პოზიციები დაახლოვდეს, ეს განცხადება მან ოპოზიციონერ ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მისი სიტყვებით, ოპოზიციურ პარტიებთან დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა იმის გაგებას, რჩება თუ არა ძალაში მოლაპარაკების ყველა ის საკითხი, რასაც აქამდე აყენებდნენ.

„დღევანდელი საღამოს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ყველა მხარის ამბიცია და საერთო პლატფორმა, რომელსაც რამდენიმე კვირის განმავლობაში ვეძებთ, ძალაში რჩება. ვისაუბრეთ 7 პარტიასთან. დავფიქრდებით, როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს საკითხები საქმის წინ წასაწევად. ასევე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხრიდან გრძელდება იმაზე ფიქრი, როგორ შეიძლება მოიძებნოს ჯადოსნური საერთო ნიადაგი, რომლის პოვნის იმედიც გვაქვს. მაგრამ მეტის თქმა ამ საკითხზე არ შემიძლია, რადგან საუბარი გაგრძელდება.

ჩემთვის ნათელია, რომ დიალოგი რთული იქნება, გაგრძელება იქნება რთული. მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, ვფიქრობ, ობიექტურად, შესაძლებელი იქნება გზის გამონახვა და პროცესების განვითარება, ქვეყანაში სტაბილურობისა და დემოკრატიულობისთვის“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

აშშ-ის ელჩის მოადგილის რეზიდენციაში ცოტა ხნის წინ დამთავრდა ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრა აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებთან.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების განცხადებით, ელჩებთან შეხვედრაზე წარმოადგინეს შეჯერებული წინადადებათა პაკეტი, რომელთა ძირითადი კომპონენტები არ შეცვლილა.

გუშინ, 3 დეკემბერს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. კანონის მიხედვით, პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 10 დღეში უნდა ჩატარდეს.

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის გამო ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ამ საკითხზე მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები არიან ჩართული. უკვე შედგა შეხვედრების 2 რაუნდი. ოპოზიცია სამ ძირითად მოთხოვნას აყენებს. ესენია: ხელახალი არჩევნების გამართვა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმირება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის გამართვის თარიღი უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG