Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთი იწყებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას


დღეიდან დიდ ბრიტანეთში იწყება დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის, SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. პირველ ეტაპზე აიცრებიან მთავრობის მიერ განსაზღვრული რისკჯგუფების წარმომადგენლები - 80 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეები, ხანდაზმულთა სახლების მცხოვრებნი და სამედიცინო და სოციალური სფეროების წარმომადგენლები. მაისიდან ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობის ძირითადი ნაწილისთვის.

დიდი ბრიტანეთი დასავლეთის პირველი სახელმწიფოა, რომელმაც მასობრივი ვაქცინაცია გადაწყვიტა ამერიკული და გერმანული კომპანიების, Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ წარმოებული ვაქცინით.

BBC-ის ინფორმაციით, გაერთიანებულმა სამეფომ მწარმოებლებს 40 მილიონი დოზა დაუკვეთა. პირველი პარტია, 800 ათასი ვაქცინა, დიდ ბრიტანეთში ბელგიიდან ჩაიტანეს. აცრა ორჯერ კეთდება, 21-დღიანი შუალედით.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ვაქცინაციის პროცესი სწრაფი არ იქნება, ამიტომ მოქალაქეებს მოუწოდა, განაგრძონ დადგენილი წესების და შეზღუდვების დაცვა.

დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით. გაერთიანებულ სამეფოში უკვე დაავადდა 1.7 მილიონზე მეტი ადამიანი. COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 61 400-ს აჭარბებს.

XS
SM
MD
LG