Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტ ზემანის მრჩევლის გასაიდუმლოებული ვიზიტი და მისი ექო ჩეხეთში


ვლადიმერ პუტინი და ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი
ვლადიმერ პუტინი და ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი

ჩეხეთის მედიასა და პოლიტიკურ წრეებში კვლავ განხილვის საგნად რჩება ქვეყნის პრეზიდენტ მილოშ ზემანის უშტატო მრჩევლის, მარტინ ნეედლის, ამასწინანდელი ვიზიტი მოსკოვში და გასაიდუმლოებული მოლაპარაკებები პუტინის მთავარ მრჩეველ იური უშაკოვთან.

რუსეთისა და ჩეხეთის ბოლოდროინდელი დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობის ფონზე, ჩეხეთის პრეზიდენტის თანაშემწის გასაიდუმლოებულ ვიზიტს სერიოზული აღშფოთება მოჰყვა ჩეხეთში.

ადგილობრივი ჟურნალისტები და ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ენერგეტიკის სფეროში რუსულ კომპანიებთან თანაშრომლობით ცნობილი მარტინ ნეედლის ვიზიტის წინ მოსკოვი კვლავ აქტიურად დაინტერესდა ჩეხეთის ორი ატომური ელექტროსადგურის რამდენიმე ახალი ენერგობლოკის მშენებლობის საკითხით, რაზეც ჩეხეთის მთავრობა მრავალჯერ გადადებული ტენდერის გამოცხადებას 2021 წელს, მომავალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ვარაუდობს.

ნეედლის კავშირები „ლუკოილსა“ და „როსატომთან“

ნოემბრის ბოლოს მარტინ ნეედლისა და იური უშაკოვის შეხვედრა რუსეთში მაქსიმალურად გასაიდუმლოებულ ვითარებაში მოხდა. ვინაიდან მარტინ ნეედლი არ არის პრეზიდენტ მილოშ ზემანის ოფიციალური თანამშრომელი, მას მოსკოვში არ ახლდნენ ჩეხი დიპლომატები და მოსკოვში მდებარე ჩეხეთის საელჩოს თანამშრომლები არ ყოფილან ჩართული მისი შეხვედრების ორგანიზებაში.

ჩეხეთის მედიის ცნობით, მარტინ ნეედლი მოსკოვში ჩაფრენილა პრეზიდენტ მილოშ ზემანის კანცელარიის განკარგულებაში არსებული თვითმფრინავით, ხოლო იური უშაკოვთან მისი შეხვედრის დროს არ გაკეთებულა საუბრის ჩანაწერი, რაც ოფიციალური ვიზიტების დროს ჩვეულებრივი ამბავია.

მაგრამ, პრაღის საერთაშორისო რადიოს ცნობით, მარტინ ნეედლის მოსკოვში გამართული შეხვედრის შესახებ სცოდნია ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ტომაშ პეტრჟიჩეკს.

„მე არ ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი რაიმე რისკს წარმოადგენდეს ქვეყნის უსაფრთხოებისათვის“, - განაცხადა ტომაშ პეტრჟიჩეკმა.

ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანახმად, ჩეხეთის პრეზიდენტის თანაშემწის ჩასვლა მოსკოვში უკავშირდებოდა მხოლოდ და მხოლოდ მილოშ ზემანისა და ვლადიმირ პუტინის ახალი შეხვედრის ორგანიზებას.

მანამდე რუსეთისა და ჩეხეთის პრეზიდენტების მაისისათვის დაგეგმილი შეხვედრა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

მაგრამ გასაიდუმლოებულ ვითარებაში ასეთი შეხვედრის ჩატარება, ჩეხი ჟურნალისტებისა და ექსპერტების აზრით, შესაძლოა, საზიანო იყოს ქვეყნის ეროვნული ინტერესებისათვის რამდენიმე მიზეზის გამო.

პირველია ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ მოხელესთან, იური უშაკოვთან, თავად მარტინ ნეედლის კავშირები, რაც მრავალი წლის განმავლობაში გრძელდება.

ჩეხეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, მარტინ ნეედლიმ, 2007 წელს რუსულ კომპანია „ლუკოილთან“ ერთად დააფუძნა ჩეხური კომპანია Lukoil Aviation Czech-ი, რომელიც ადგილობრივ ბაზარს საავიაციო საწვავით ამარაგებდა. ამ ფირმისაგან ღებულობდა ასევე საწვავს სახელმწიფოც თავისი სტრატეგიული მარაგის შესავსებად.

თავის დროზე კომპანია Lukoil Aviation Czech-ს სახელმწიფომ დიდი ჯარიმა დააკისრა ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. როგორც ჩეხური გამოცემა MFDnes-ი იუწყება, ეს ვალი, საბოლოო ჯამში, მისმა მშობელმა კომპანია „ლუკოილმა“ გადაიხადა.

მარტინ ნეედლი რუსეთთან კავშირის გამო 3 წლის წინათაც მოხვდა ჩეხეთის მედიის ყურადღების ცენტრში. გამოცემა „Respekt”-ის თანახმად, პრეზიდენტ ზემანის გავლენიანი თანაშემწე 2017 წლის გაზაფხულზე ჩეხეთის სახელმწიფოს მეთაურის დავალებით რუსეთის კომპანია „როსატომის“ ხელმძღვანელობას შეხვდა.

„მოლაპარაკებებზე, რომელიც მალე მოსკოვში გაიმართა, ნეედლი ცდილობდა მიეღწია ჩეხეთის კომპანიებისათვის მცირე შეკვეთების მიღებას იმ ობიექტებზე, რომლებსაც რუსეთის გიგანტური კომპანია „როსატომი“ ან უკვე აშენებს, ან რომელთა აშენებასაც ახლო მომავალში გეგმავს. ნეედლი ამტკიცებს, რომ მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა. საკითხავი ისაა, თუ რას მოითხოვს ამის სანაცვლოდ რუსეთის მხარე. მომავალში ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება ატომურ ელექტრისადგურ „ტემელინის“ მშენებლობის დასრულება, რის გამოც ამ საკითხს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ასპექტიც აქვს“, - წერდა Respekt”-ის გამომძიებელი ჟურნალისტი, ონდრჟეი კუნდრა, ავტორი გახმაურებული წიგნისა „პუტინის აგენტები“.

2020 წლის ნოემბრის ბოლოს, პრეზიდენტ მილოშ ზემანის თანაშემწის, მარტინ ნეედლის, გასაიდუმლოებული ვიზიტის წინ, პრესაში გამოჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მოსკოვმა კვლავ გაააქტიურა თავისი ინტერესი ჩეხეთის ატომურ ელექტროსადგურებზე რამდენიმე ახალი ენერგობლოკის მშენებლობაში მონაწილეობის მიმართულებით.

ფსონი ატომურ ელექტროსადგურებზე კეთდება

საქმე ეხება არა მხოლოდ ჩეხეთის, არამედ ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ პროექტებს, რომლებზეც ჩეხეთის სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მთლიანი შიდა პროდუქტის, დაახლოებით, 20 %-ის დახარჯვა იგეგმება.

ჯამში, სხვადასხვა ელექტროსადგურზე უნდა აშენდეს ხუთი ენერგობლოკი: ორი - სამხრეთ ჩეხეთში მდებარე „ტემელინის“ ატომურ ელექტროსადურში, ერთი -„დუკოვანის“ აეს-ში და კიდევ ერთი ენერგობლოკი - სლოვაკეთში, „ბოგუნიცეს“ ატომურ ელექტროსადგურში.

ამჟამად განხილვის სტადიაშია მხოლოდ „დუკოვანის“ ელექტროსადგურის მშენებლობის დასრულება, ხოლო რაც შეეხება „ტემელინის“ ატომური ელექტროსადგურების ორი ენერგობლოკის მშენებლობას, ჩეხეთის მთავრობამ გააუქმა მასზე გამოცხადებული ტენდერი, ვინაიდან ეს თემა დიდი ხანია იქცა მძაფრი პოლიტიკური დებატების საგნად.

თავად მილოშ ზემანის თანაშემწე, მარტინ ნეედლი, ამტკიცებს, რომ მოსკოვში გამართული შეხვედრების დროს საუბარი არ წამოჭრილა ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის დასრულების შესახებ.

მაგრამ ამ განცხადებისა არ სჯერა ჩეხეთის ბირთვული უსაფრთხოების სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელს, დანა დრაბოვას, რომლის თქმითაც, „უცნაურ გარემოებებში“ ჩეხეთის პრეზიდენტის თანაშემწის რუსეთში ჩასვლა, შესაძლოა, სწორედ საპირისპიროზე მეტყველებდეს. დრაბოვამ ასევე აღნიშნა, რომ, ვინაიდან ბირთვული ენერგეტიკა სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხს უკავშირდება, ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის დასრულების დროს ყურადღება პროექტის სარგებლიანობაზე კი არ უნდა გამახვილდეს, არამედ იმაზე, თუ აესს რომელი ქვეყნის წარმომადგენელი კომპანია აშენებს.

ჩეხეთში შიშობენ, რომ საბჭოთა ტექნოლოგიებით აგებული „დუკოვანის“ ატომური ელექტროსადგურისა და სხვა ელექტროსადგურების მშენებლობის დასრულებაში რუსული კომპანიების მონაწილეობა გაზრდის რუსეთის გავლენას ჩეხეთზე.

ჩეხეთის ტერიტორიაზე ამჟამად არსებული „დუკოვანისა“ და „ტემელინის“ ატომური ელექტროსადგურები საბჭოთა პროექტის ბირთვული რეაქტორებით გამოიმუშავებენ ენერგიას. შედარებით უფრო ძველ თაობას განეკუთვნება „დუკოვანის“ 440 მეგავატის სიმძლავრის რეაქტორები, მაშინ როცა „ტემელინის“ უფრო თანამედროვე ენერგობლოკების სიმძლავრე 1000 მეგავატს უტოლდება.

კომპანია ČEZ Group-ის განკარგულებაში არსებული „დუკოვანის“ რიგით მეხუთე ენერგობლოკის მშენებლობაზე გამოცხადებული ახალი ტენდერი ითვალისწინებს ასევე ანალოგიური PWR-ის ტიპის (წყლის წნევის ქვეშ მომუშავე) თანამედროვე რეაქტორების მშენებლობის ან მათი ექსპლუატაციის გამოცდილებას. რუსულ კომპანია „როსატომს“ კი ერთიც აქვს და მეორეც.

რუსული კომპანია „როსატომის“ გარდა, აეს „დუკოვანის“ მშენებლობის დასრულებაზე პრეტენზია აქვს კიდევ რამდენიმე კომპანიას. მათ შორის ტენდერში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი აქვთ ამერიკულ Westinghouse-ს, ფრანგულ EDF-სა და სამხრეთ კორეულ Korea Hydro & Nuclear Power-ს.

მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა, რომ ტენდერში მომუშავე კომპანიებს უნდა ჰქონდეთ PWR-ის ტიპის (წყლის წნევის ქვეშ მომუშავე) თანამედროვე რეაქტორების მშენებლობის გამოცდილება.

პრაღაში სწორედ ეს მიაჩნიათ საშიშროებად ეროვნული უსაფრთხოებისათვის.

მეტიც, ჩეხურ ტენდერს მხარი უნდა დაუჭიროს ევროკომისიამ, რომელიც არა მხოლოდ ფინანსურ პარამეტრებს აფასებს, არამედ ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარ საკითხებსაც განიხილავს - განსაკუთრებით, ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებებისათვის რუსეთისათვის დაწესებული სანქციების შუქზე.

2019 წელს ჩეხეთის მედია წერდა, რომ სანქციების გამო „გაზპრომბანკის“ კუთვნილმა კომპანია " ОМЗ“-მ სამხრეთკორეულ კონგლომერატ „Korea Heavy Industry & Development“-ს მიჰყიდა კომპანია „Škoda JS“-ი, რომელიც ნედლ, გაუმდიდრებელ ურანს აწვდიდა სლოვაკეთში მდებარე „ბოგუნიცეს“ ატომურ ელექტროსადგურს.

რუსეთისათვის დაკისრებული ევროკავშირის სანქციების მიზეზით რამდენჯერმე გადაიდო ჩეხეთში ზემოხსენებულ ტენდერში გამარჯვებულის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადება. დრო „როსატომის“ კონკურენტებისთვისაც მუშაობს, რადგან ამ ხნის განმავლობაში მათ შეუძლიათ შეასრულონ ტენდერის მთავარი პირობა და, საბოლოოდ, გაიმარჯვონ მასში.

მაგრამ ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ იქნება ჩეხეთის ხელისუფლებაში უახლოეს წლებში.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში ახლახან გამოვიდა წინადადებით, რომ ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს 2021 წლისათვის დანიშნული, მომდევნო საპარლამენტო არჩევნების დარულების შემდეგ.

ჩეხეთის პრეზიდენტის უცნაური მოთხოვნა

მაგრამ ამ საკითხის მიმართ განსხვავებული მიდგომა აქვს ჩეხეთის პრეზიდენტ მილოშ ზემანს, რომელიც ცნობილია კრემლისადმი კეთილგანწყობით. მისი უფლებამოსილების ვადა 2023 წელს იწურება.

პრაღის საერთაშორისო რადიოს (RPI) ცნობით, პრეზიდენტი ზემანი ჩეხეთის მთავრობას მოუწოდებს ტენდერში დაუშვას შეკვეთის შესრულებით დაინტერესებული ყველა მოიჯარე კომპანია, რადგან, როგორც ჩეხეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, კონკურენციის მაღალი დონე უზრუნველყოფს პროექტის რეალიზებისათვის საჭირო ხარჯის შემცირებას.

როგორც მოსკოვიდან დაბრუნებული ჩეხეთის პრეზიდენტის თანაშემწე მარტინ ნეედლი აცხადებს, რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა იური უშაკოვმა მილოშ ზემანი და ჩეხეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო დაასახელა იმ ერთადერთ არხად, რომელიც ბოლოდროინდელი დაძაბული ურთიერთობის შემდეგ ფუნქციონირებს ორ ქვეყანას შორის.

სწორედ ჩეხეთის აღნიშნული სამინისტროა დაკავებული ატომური ელექტროსადგურ „დუკოვანის“ ორი ენერგობლოკის მშენებლობის ტენდერით, რომელშიც რუსული კომპანია „როსატომიც“ მონაწილეობს.

მაგრამ „დუკოვანის“ აეს-ის მშენებლობის საქმეში საბოლოო სიტყვა ეკუთვნის ჩეხეთის მთავრობას, რომელმაც უნდა შეაფასოს ზოგიერთ ქვეყანასთან დაკავშირებული რისკები.

„რუსეთის ფედერაცია და ჩინეთი წარმოადგენენ ქვეყნებს, რომლებიც დიდწილად ცდილობენ გავლენის მოხდენას ჩეხეთის სახელმწიფო მართვის ორგანოებზე. ისინი მზად არიან გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ბერკეტების მთელი არსენალი, ღია მოქმედებით დაწყებული და ფარული სადაზვერვო ოპერაციებით დამთავრებული. ისინი არ იცავენ არავითარ ჩარჩოებს და გავლენის ეფექტური ინსტრუმენტის სახით მათი მხრიდან შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ყველაფერი“, - განაცხადა ჩეხეთის სენატის წინაშე გამოსვლის დროს ჩეხეთის უსაფრთხოებისა და ინფორმაციის სამსახურის ხელმძღვანელმა მიხაილ კუდელკამ.

მისმა უწყებამ 2018 წელს გამოააშკარავა ეფესბეს მიერ შექმნილი რუსეთის აგენტების ქსელი, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუშაობდა. აგენტებს კიბერთავდასხმები უნდა განეხორციელებინათ ჩეხეთსა და მის პარტნიორ სახელმწიფოებში არსებულ სამიზნეებზე.

კუდელკას თქმით, ქსელი ფინანსდებოდა პირდაპირ რუსეთიდან და რუსეთის საელჩოს მიერ.

ჩეხეთში კარგად არის ცნობილი, რომ ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი არ სწყალობს ჩეხეთის უსაფრთხოებისა და ინფორმაციის სამსახურის ხელმძღვანელს, მიხაილ კუდელკას, რომელსაც სახელმწიფოს მეთაურმა ხუთჯერ უთხრა უარი გენერლის წოდების მინიჭებაზე.

ნიშანდობლივია, რომ სწორედ მისი მრჩევლის, მარტინ ნეედლის, მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ ჩეხეთის პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა, ჩეხეთის უსაფრთხოებისა და ინფორმაციის სამსახურის ხელმძღვანელობისგან მოითხოვა დეტალური ინფორმაცია ჩეხეთის ტერიტორიაზე მოქმედი რუსეთის აგენტების სიის შესახებ, მათ მიერ განხორციელებული ოპერაციებისა და ასევე რუსული ფულის გარეცხვის დამადასტურებელი ფაქტები, FinCEN-ის ფაილების სახით რომ გავრცელდა მთელ მსოფლიოში (აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოს ეს დოკუმენტები გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა, BuzzFeed News-მა, მიმდინარე წლის სექტემბერში გამოაქვეყნა).

ჩეხეთის პრეზიდენტის ასეთ მოთხოვნას ჩეხეთის მთავრობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წევრთა კრიტიკა მოჰყვა. ჩეხეთის ვიცე-პრემიერმა, კარელ ჰავლიჩეკმა, განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს უფლება აქვს მოითხოვოს მისთვის ყველაზე უფრო საიდუმლო მონაცემების გაცნობა, მაგრამ თუ საქმე შეეხება სახელმწიფოს უსაფრთხოებას, სულაც არ არის აუცილებელი, რომ მას ასეთი მონაცემები მიეწოდოს.

ჩეხეთის სპეცსამსახურები ფიქრობენ, რომ აგენტების სიის გადაცემამ შესაძლოა გამოიწვიოს აგენტების ვინაობის გამჟღავნება და საფრთხის ქვეშ დააყენოს იმ ოპერაციათა ბედი, რომლებშიც ჩაბმულია ჩეხეთის სპეცსამსახურების მრავალი თანამშრომელი.

ოპონენტები იმაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომ პრეზიდენტის მაგიდაზე ასეთი ცნობები მოხვდება მისი კანცლერის, ვრატისლავ მინარჟისა, და მრჩეველ მარტინ ნეედლის გავლით, რომელსაც, როგორც ზემოთ ითქვა, პირდაპირი კონტაქტები აქვს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, გარემოცვასთან.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG