Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბექა ოდიშარია ოპოზიციაზე: მათ ელოდებათ თავიანთი ადგილები პარლამენტში


ბექა ოდიშარია
ბექა ოდიშარია

საქართველოს პარლამენტის არჩეული დეპუტატის ბექა ოდიშარიას განცხადებით, ერთპარტიული პარლამენტის გამო გამოწვეული უხერხულობის შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვა ეკუთვნის არა მმართველ პარტიას, არამედ ოპოზიციას. მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომის შესვენებაზე მან მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ უხერხულად თავი ოპოზიციამ უნდა იგრძნოს:

„საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა მეათე მოწვევის დაიწყო დადგენილი წესისამებრ, მას ესწრებიან მთავრობის წევრები, მოწვეული სტუმრები, სტრატეგიული მეგობარი ქვეყნების ელჩები, საპატრიარქოს წარმომადგენლები და, შესაბამისად, უხერხულობის შესახებ შეკითხვა არ ეკუთვნის მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, უხერხულად უნდა იგრძნოს იმ ადამიანებმა თავი, ვინც თავიანთი ამომრჩევლის დაკვეთა არ შეასრულეს“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ. მან ოპოზიციონერ არჩეულ დეპუტატებს პარლამენტის მუშაობაში ჩართვისკენ მოუწოდა:

„კრიზისის განმუხტვა იქნება, ძალიან ღირსეული იქნება, თუ ოპოზიციის ნაწილი მაინც შემობრძანდება. მოვუწოდებ მათ გულწრფელად და მათ თავიანთ ადგილები აქ ელოდებათ. მათ მინიჭებული მანდატების გამოყენების საშუალება დღესაც აქვთ. ასე რომ, მათ არავინ არ ეღობებათ ამ მოვალეობის შესრულებაში“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს, 11 დეკემბერს, 12 საათზე გაიხსნა. სხდომას „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატი ესწრება. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის შენობის გვერდით, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში შეიკრიბნენ, რათა მემორანდუმის ხელმოწერით დაედასტურებინათ უარი პარლამენტის მანდატებზე.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, მმართველ პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 150-წევრიან პარლამენტში ჰყავს პროპორციული სისტემით არჩეული 60 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატი.

პროპორციული სისტემით 60 მანდატი მოიპოვა 8 ოპოზიციურმა ბლოკმა და პარტიამ.

ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად, ბოიკოტს უცხადებენ საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირებას და მოითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG