საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ინფიცირების ყოველი ახალი ზრდის შესაბამისი ლეტალობის შემთხვევები 2-3 კვირის შემდეგ დგება. ამის შესახებ მან ბოლო დღეებში გარდაცვალების მაღალ მაჩვენებელზე საუბრის დროს თქვა.
„გარდაცვალების მაჩვენებლის მატების მიზეზი არის ის, რომ დადგა დრო, როცა მძიმე შემთხვევები, პროგნოზულად [რომელიც] ვიცოდით, რომ არ იქნებოდა კეთილსაიმედო გამოსავალი, აი, აქ დგება არასასურველი შედეგი... სიკვდილიანობის ასეთი მაჩვენებელი განპირობებულია იმით, რომ პაციენტები, რომლებიც მოხვდნენ კლინიკაში ერთი-ორი კვირის წინ, იქ ვერ დადგა ის გამოსავალი, რომელიც მათი გადარჩენის შესაძლებლობას იძლევა“, - თქვა გაბუნიამ.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 49 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1 839-მდე გაიზარდა.