Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საარჩევნო კოლეგია 14 დეკემბერს საბოლოო შედეგებს გამოაცხადებს


ჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი

14 დეკემბერს გაიმართება შტატების საარჩევნო კოლეგიის სხდომები, რომელზეც საბოლოოდ უნდა აირჩიონ ჯო ბაიდენი, როგორც აშშ-ის მომდევნო პრეზიდენტი.

საარჩევნო კოლეგიის მიერ დამტკიცებული შედეგები გაიგზავნება ვაშინგტონში, სადაც მათ 6 იანვარს კონგრესში განიხილავენ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის თავმჯდომარებით.

საარჩევნო კოლეგიის საბოლოო კენჭისყრის წინ, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვლავ დაუსაბუთებლად განაცხადა აშშ-ის 3 ნოემბრის პრეზიდენტის არჩევნების დროს მომხდარი გაყალბების შესახებ და გაიმეორა, რომ ეს იყო „ყველაზე კორუმპირებული არჩევნები აშშ-ის ისტორიაში“.

დონალდ ტრამპი და მისი მხარდამჭერები, რომლებიც გაყალბების წყაროდ მიიჩნევენ ფოსტით ხმის მიცემას, ამის დამტკიცებას ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობენ სასამართლო დავებით და სხვა იურიდიული მექანიზმების გამოყენებით.

პარასკევს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უარყო ტეხასის შტატის სარჩელი, რომელშიც მოსარჩელეები ითხოვდნენ, ბათილად გამოცხადებულიყო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ე.წ. სადავო შტატებში: ჯორჯიაში, ვისკონსინში, მიჩიგანსა და პენსილვანიაში და გაუქმებულიყო ამ შტატებიდან საარჩევნო კოლეგიის 62 წევრის ხმები.

არჩევნების წინასწარი შედეგებით, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიიდან აქვს 232 ხმა, ხოლო დემოკრატ ჯო ბაიდენს - 306.

საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ, არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სიტყვით მიმართავს აშშ-ის მოსახლეობას.

ამერიკელები პრეზიდენტს ირჩევენ შტატების მცხოვრებთა რაოდენობის პროპორციულად დაკომპლექტებული 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით. არჩევნებში გასამარჯვებლად პრეზიდენტობის კანდიდატს სჭირდება სულ მცირე 270 ხმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG