Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ოცნება" მეტ ბოდიშს ითხოვს, ოპოზიცია მეხუთე რაუნდს ელოდება


„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მიერ „ხმების პარალელური დათვლის“ (PVT) შედეგების შეცვლის ფაქტი „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციასთან ურთიერთობის უმთავრეს საკითხად აქცია. მოლაპარაკებების უშედეგო ოთხი რაუნდისა და გაჭიანურებული მეხუთე რაუნდის ფონზე, მმართველი პარტია ბოდიშის მოხდას ითხოვს როგორც ოპონენტებისგან, ასევე მესამე სექტორისგანაც. ოპოზიციის ძირითადი ნაწილი აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნებისთვის ბრძოლა გრძელდება და PVT-ის შედეგების პროცენტული მაჩვენებლის ცვლილება სულაც არ ნიშნავს მათი ბრძოლის შესუსტებას.

  • რა გეგმით მოქმედებს „ქართული ოცნება“ და შედის თუ არა მის ინტერესებში მოლაპარაკებების გაგრძელება?
  • რა გეგმით მოქმედებს ოპოზიცია - რაზე ამბობს ის უარს?
  • რას ცვლის „ხმების პარალელური დათვლის“ (PVT) შედეგების შეცვლა?

საზოგადოების დიდმა ნაწილმა სულ ახლახან გაიგო, რომ „ხმების პარალელური დათვლა“ (PVT) არა საარჩევნო ბიულეტენების დათვლას, არამედ კენჭისყრის დღის ბოლოს, საუბნო საარჩევნო კომისიების ოფიციალური მონაცემების შეჯამებას ნიშნავს. შესაბამისად, მათთვის გასაკვირი აღარ არის, რომ PVT-ის საბოლოო მონაცემები თითქმის ზუსტად დაემთხვა ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ განმარტა, რომ აუდიტის გზით დაზუსტება საჭირო გახდა დაქირავებული პროგრამისტის მიერ დაშვებული შეცდომის გამო და საბოდიშოც არაფერია, რადგან - ეს არაფერს ცვლის მთავარ პრობლემასთან მიმართებით - „ორგანიზაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებად, რაც, მათ შორის, გამოიხატა საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსში“.

„ქართული ოცნება“ არ ჩერდება, არასამთავრობო ორგანიზაციისგან ახლა უკვე საარჩევნო უბნების ხსენეული 8%-ის ჩამონათვალს მოითხოვს და წინასწარვე დარწმუნებით აცხადებს, რომ „სამართლიანი არჩევნები“ ტყუის.

როგორც პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ამბობს, თუკი ვერ დაამტკიცებს, „სამართლიანმა არჩევნებმა“„ბოდიში უნდა მოიხადოს“, მათ შორის „რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის ხელშეწყობისთვის“.

კობახიძის მიერ დასახელებული სტატისტიკით:

  • „ბიულეტენების მეტობა მთელი ქვეყნის მასშტაბით საბოლოოდ დაფიქსირდა 3847-დან მხოლოდ 19 უბანზე“;
  • „ჭარბი ბიულეტენების ჯამური რაოდენობა იყო 2 მილიონამდე ბიულეტენიდან 25 ბიულეტენი“.

ასეთი სტატისტიკა აბსურდულად მიაჩნიათ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციურ პარტიებს - მთელი იმ პრობლემური პროცესების გათვალისწინებით, რაც არჩევნების შედეგების შეჯამებას ახლდა.

როდესაც ოქმებში ასახულ დისბალანსზე ლაპარაკობენ, არასამთავრობო ორგანიზაციები გულისხმობენ როგორც ბიულეტენების მეტობას, ასევე ნაკლებობასაც - ანუ როცა ურნებში ჩაყრილი ბიულეტენების საერთო რაოდენობა, შესაბამისად - მეტია ან ნაკლებია უბანზე მისული ამომრჩევლების საერთო რაოდენობაზე.

მეტობა მესამე სექტორს ჩაყრილი ბიულეტენების ეჭვს აღუძრავს; ხოლო ნაკლებობის შემთხვევაში, ისინი ე.წ. სომხური კარუსელებისა და ხმების დამალვის ეჭვებზე ლაპარაკობენ.

რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებულ დოკუმენტში, რომელიც 31 ოქტომბერს საბურთალოს საოლქო კომისიაში 97 საუბნო კომისიიდან შესული შემაჯამებელი ოქმების მონაცემების მიხედვით შედგა, მხოლოდ არჩევნების პროპორციულ ნაწილში:

  • დისბალანსი გამოვლინდა 97-დან 52 უბნის შემთხვევაში;
  • 8 უბანზე გამოვლინდა მეტობა - 110 ბიულეტენი;
  • 44 უბანზე გამოვლინდა ნაკლებობა - 370 ბიულეტენი.

ამის შემდეგ, შედგა შესწორების ოქმები და მაგალითად 25-ე უბანზე, სადაც 20 ბიულეტენის მეტობა აღინიშნებოდა, შესწორების ოქმით - ზუსტად 20-ით არის გაზრდილი უბანზე მისული ამომრჩევლების საერთო რაოდენობა. პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სანდო არ არის ოქმების მექანიკურ შესწორება და სწორედ ამიტომ ითხოვდნენ ისინი ბიულეტენების ხელახალ გადათვლას.

გაცილებით მეტი დარღვევის აღმოჩენის მიუხედავად, შეზღუდული დროისა და რესურსების გამო, „სამართლიანმა არჩევნებმა“ მხოლოდ 44 საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა 162 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის (გადათვლის) მოთხოვნით. ამ საჩივრების უმრავლესობაც განუხილველად დარჩა იმ არგუმენტით, რომ არაუფლებამოსილი პირის მიერ იყო წარდგენილი.

საბოლოოდ, 162 საარჩევნო უბნიდან საოლქო საარჩევნო კომისიებმა მხოლოდ 10 უბნის მასალები გადათვალეს. მაგალითად, სამგორის ოლქის #97 უბნის ბიულეტენების დათვლის შედეგად ოპოზიციის სასარგებლოდ 149 ხმა იქნა ნაპოვნი.

არის თუ არა ბიულეტენების ხელახალი დათვლა გამოსავალი?

ახლა უკვე „სამართლიანი არჩევნები" სრულიად დაგვიანებულად მიიჩნევს ბიულეტენების გადათვლას - მექანიზმს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ოპოზიციას პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ სთავაზობს.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ელენე ნიჟარაძემ განაცხადა რადიო თავისუფლების პროგრამა „დილის საუბრებში“ სტუმრობისას, დალუქული მასალების მიმართ ნდობა გამქრალია.

„ჩვენ ვთქვით, რომ 8%-ში არის რაღაც პრობლემა... ამაზე პასუხი უნდა გაეცა საარჩევნო ადმინისტრაციას... თავიდანვე საარჩევნო ადმინისტრაციასაც ვეუბნებოდით, რომ ეს უნდა გაკეთდეს დაუყოვნებლივ, რადგან შემდეგ უკვე იმ გადათვლაზე აღარავის აღარ ექნება ნდობა.

ვიცით ყველამ, ეს მასალები როგორ ილუქება და ძალიან მარტივია იმ მასალებით მანიპულირება. სასწრაფოდ უნდა მომხდარიყო ეს... სასამართლომდეც არ უნდა მისულიყო, უშუალოდ საოლქო კომისიებს უნდა გაეკეთებინათ ეს... ოპოზიციას არ ვიცი და მე პირადად აღარ მაქვს ეს ნდობა, სულ რომ ყველა უბანი გადაითვალონ აწი“.

პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა და ბიულეტენების ხელახალი, თუნდაც სრულად დათვლა "ქართულმა ოცნებამ" ოპონენტებს 9 დეკემბერს შესთავაზა. ხელახალი დათვლის მიმართ სრული უნდობლობა გამოხატა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ - ალეკო ელისაშვილის "მოქალაქეების" გარდა.

ახლა უკვე „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ PVT-ის შედეგების ცვლილებამ რეალობა რადიკალურად შეცვალა და გამოჩნდა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა.

გაჭიანურებული მეხუთე რაუნდის წინ მმართველმა პარტიამ ოპოზიციას ბოდიშის მოხდისკენაც კი მოუწოდა. როგორც „ლელოს“ წარმომადგენელმა საბა ბუაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას - „ISFED-ის ანგარიშთან დაკავშირებული ხმაურიანი კამპანიით, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ ცდილობს საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების ჩიხში შეყვანას“.

საბა ბუაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ აწყობს ერთპარტიული პარლამენტი, „მაგრამ ამის გაკეთება უნდა ისე, რომ ოპოზიციას დაბრალდეს“. ბუაძე აღნიშნავს ასევე, რომ რიგგარეშე არჩევნები "ლელოს" უმთავრეს მოთხოვნად რჩება. კვლავაც ასეთივე კატეგორიულია ამ მხრივ მაგალითად - "ნაციონალური მოძრაობის", "ევროპული საქართველოსა" და "ლეიბორისტული პარტიის" პოზიცია.

„ქართული ოცნება“ არ მალავს და ეს ირაკლი კობახიძემაც ბოლო პერიოდში არაერთხელ განაცხადა, რომ პარლამენტში არ ისურვებდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ხილვას და კარგია, რომ ეს პარტიები თავიანთი ბოიკოტით ეხმარებიან პოლიტიკური ველიდან მათსავე განდევნის გეგმას. 11 დეკემბერს, ახალი პარლამენტის ოპოზიციის გარეშე გამართულ პირველ სხდომაზე, სახელისუფლებო პარტიის არაერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ - კონსტრუქციული ოპოზიცია აუცილებლად შევა პარლამენტში.

შესუსტდა თუ არა ოპოზიციის პოზიციები მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის წინ?

საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით დაწყებული მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი უკვე ორჯერ გადაიდო. ერთხელ 10 დეკემბერს, პარლამენტის პირველი სხდომის წინა დღეს, როდესაც ირაკლი კობახიძის მიერ გახმოვანებული საკანონმდებლო ინიციატივები მუქარად აღიქვა ოპოზიციამ და ხელისუფლებასთან შეხვედრა აზრს მოკლებულად ჩათვალა.

შემდეგ, არაოფიციალურად ითქვა, რომ მეხუთე რაუნდი 14 დეკემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ - არც 14 დეკემბერს შედგა.

ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“ ერთადერთია ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომელიც პარალელური დათვლის შედეგების შესწორებას ოპოზიციის ბრძოლის დამასუსტებელ ფაქტორად მიიჩნევს. ასე არ ფიქრობენ დანარჩენ პარტიებში.

PVT არასოდეს მიმაჩნდა გადამწყვეტ ფაქტორად ამ პროცესში და 31 ოქტომბრის შემდეგ, ეს პროცენტული მაჩვენებლები მაგალითადაც კი არასოდეს მომიყვანია - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ხატია დეკანოიძე. ის თვლის, რომ ეს მეთოდი ისედაც ვერ ასახავს გაყალბების მთავარ ინსტრუმენტებს, როგორიც არის - „კარუსელები, დაშანტაჟება, დაშინება, მოსყიდვა, ძალადობა - ოპოზიციის მიტაცებული და გადაგდებული ხმები“ და მთავარია ის, რომ „არსად წასულა „სამართლიანი არჩევნების შეფასება უბნების 8%-ზე გამოვლენილ დისბალანსთან დაკავშირებით, რაც საერთო ჯამში 4.1%-იანი ცდომილების მაჩვენებელი“.

მოლაპარაკებების გარძელებისთვის მზადყოფნას გამოხატავს "ქართული ოცნება“, თუმცა აცხადებს, რომ მისი მხრიდან კომპრომისები აღარ იქნება.

მეხუთე რაუნდის დანიშვნას ელოდებიან ოპოზიციური პარტიებიც, მაგრამ მათი უდიდესი ნაწილი იმისთვისაც მზად არის, რომ - მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება. როგორც ხატია დეკანოიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას - "ხალხთან უნდა მივიდეთ, ხალხს ავუხსნათ ყველაფერი და ცდება, თუკი ვინმეს ჰგონია, რომ ქუჩა არ არის დემოკრატიის ინსტრუმენტი".

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG