Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი სახლების დემონტაჟზე: დაუშვებელია, პროცესი ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე განხორციელდეს


უნებართვო შენობების დემონტაჟი აფრიკის დასახლებაში
უნებართვო შენობების დემონტაჟი აფრიკის დასახლებაში

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გამოეხმაურა თბილისში, აფრიკის დასახლებაში უნებართვოდ აშენებული სახლების დემონტაჟის ფაქტს და განაცხადა, რომ დაუშვებელია, აღნიშნული პროცესი ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე განხორციელდეს:

„საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია პირების უსახლკაროდ დარჩენის რისკებთან, რაც წარმოშობს სახელმწიფო მხრიდან აღნიშნული რისკების შეფასების და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მხარდამჭერი ზომების შეთავაზების აუცილებლობას. აქვე, ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ ზამთრის პერიოდში დემონტაჟის ღონისძიებების განხორციელება წარმოშობს არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის რისკებს. აღნიშნულს ემატება პანდემიიდან გამომდინარე საფრთხეებიც”, - აღნიშნავს ნინო ლომჯარია. იგი მოუწოდებს თბილისის მერიას, გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომელშიც მოცემული იქნება ამომწურავი ინფორმაცია, რა ღონისძიებები იქნა და იქნება გატარებული იმ ოჯახების უსახლკარობისგან დასაცავად, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც დემონტაჟს დაექვემდებარა. რაც შეეხება თავად დემონტაჟის კანონიერების საკითხს:

„მართალია, ხელისუფლებას გააჩნია უნებართვო მშენებლობების დემონტაჟის უფლება, თუმცა დაუშვებელია აღნიშნული პროცესები ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე განხორციელდეს. სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის აღნიშნული პროცესის კანონიერების საკითხს”, - წერს ნინო ლომჯარია. იგი ვრცელ ფეისბუკპოსტში ეხება ასევე საქართველოში არსებულ იმ სისტემურ პრობლემებს, რომელთა წინაშეც უსახლკაროები დგანან:

„უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტების არარსებობა და აღნიშნულ პირთა შესახებ ზუსტი სტატისტიკის არქონა სისტემურ გამოწვევას წარმოადგენს, რაზეც წლებია ვსაუბრობთ. ამასთანავე, გამოწვევაა უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხი. მართალია თბილისში ფუნქციონირებს ლილოს თავშესაფარი, სადაც არის თავისუფალი ადგილები, თუმცა იქ არსებული ფართები არ არის გათვლილი ოჯახების, მათ შორის არასრულწლოვანი პირებისთვის”, - წერს ნინო ლომჯარია.

თბილისში, აფრიკის დასახლებაში, მუნიციპალურმა ინსპექციამ 15 დეკემბერს რამდენიმე შენობა-ნაგებობა დაანგრია, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. დაკავებულია 8 პირი, მათ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ედებათ, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი.

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ თავისი მერობის პერიოდში ის თბილისში სახელმწიფო ქონების უკანონოდ დატაცებას არ დაუშვებს.

აფრიკის დასახლების მცხოვრებთა სოლიდარობის მიზნით თბილისის მერიასთან სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG