Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძის თქმით, აფრიკის დასახლებაში მიწის ნაკვეთები შესაძლოა გამოიყენოს სამშენებლო კომპანიამ


კახა კალაძე
კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში უპასუხა შეკითხვას, ტერიტორია, სადაც დღეს, 15 დეკემბერს, დაანგრიეს შენობა-ნაგებობები, არის თუ არა რომელიმე სამშენებლო კომპანიის ინტერესის საგანი.

„ეს არის სახელმწიფო ტერიტორიები. თუ ვინმე კონკრეტული პიროვნება... ეს შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, შეიძლება იყოს კონკრეტული დეველოპერული კომპანია, სამშენებლო კომპანია, შეიძლება გამოიყენონ სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობისთვის. თუ ისინი გადაწყვეტენ ამ კონკრეტული მიწის ყიდვას, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ამ კონკრეტულ მიწას გაყიდის. ასეთი წინადადება მუნიციპალიტეტში არ შემოსულა“, - თქვა კახა კალაძემ.

თბილისში, აფრიკის დასახლებაში, მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე შენობა-ნაგებობა დაანგრია.

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი.

შენობა-ნაგებობების დანგრევა გააპროტესტეს მოქალაქეებმა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელმაც დააკავა 13 პირი, მათგან 12-ს ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. ისინი მოგვიანებით გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე. ერთი ადამიანი კი სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული.

XS
SM
MD
LG