Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციიდან არჩეულმა დეპუტატებმა აჭარის უმაღლეს საბჭოს მიმართეს უფლებამოსილების შესაწყვეტად


აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობა
აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ბლოკიდან „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ არჩეულმა ექვსმა დეპუტატმა საბჭოს თავმჯდომარეს მიმართა უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით.

„ეს არის ერთპარტიული უმაღლესი საბჭო. ჩვენ ჩვენი შესვლით არ მივცემთ ლეგიტიმაციას გაყალბებული არჩევნებით მოსულ უმაღლეს საბჭოს“, - უთხრა მედიას საბჭოს დეპუტატად არჩეულმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ.

კირთაძის განცხადებით, საბჭო ერთპარტიულად დარჩება მიუხედავად იმისა, რომ მანდატზე უარი არ თქვა მათი ბლოკიდან არჩეულმა ირაკლი ჩავლეიშვილმა, რადგან ის არცერთი პარტიის წევრი არ არის.

„რესპუბლიკური პარტიის“ დღეს უკვე ყოფილმა წევრმა, ირაკლი ჩავლეიშვილმა, ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე, უმაღლეს საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება 16 დეკემბერს მიიღო.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდა საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად. 21-წევრიან საბჭოში 14 მანდატი მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ და 7 ბლოკმა „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“.

ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ხელახალ არჩევნებს მოითხოვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG