Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭიდაობაში 2021 წლის სეზონი იანვრის ნაცვლად მარტში გაიხსნება


თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით და ქალთა ჭიდაობებში ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი თებერვლის ნაცვლად აპრილში გაიმართება.

მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ (UWW) უკვე დამტკიცებული კალენდარი კორონავირუსის პანდემიის გამო კიდევ ერთხელ ჩაასწორა და ისიც გამოაცხადა, რომ იძულებითი ცვლილებები შესაძლოა მომავალშიც განხორციელდეს.

UWW-ის ტექნიკურმა კომისიამ ონლაინსხდომაზე გადაწყვიტა, მსოფლიოში არსებული ეპიდვითარების გამო, იანვარ-თებერვალში არც ერთი საერთაშორისო შეჯიბრება არ ჩაატაროს და სეზონი მარტში გახსნას. განახლებული კალენდრის მიხედვით, ევროპის ჩემპიონატს პოლონეთის ქალაქი კატოვიცე 19-25 აპრილს უმასპინძლებს. გაზაფხულზევე გაიმართება ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ბოლო ორი ტურნირი: 18-21 მარტს - ბუდაპეშტში, ხოლო 6-9 მაისს - სოფიაში.

საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებს ამ დროისთვის ოლიმპიადის საგზურები ექვს-ექვსი წონითი კატეგორიიდან ორ-ორში აქვთ მოპოვებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG