Accessibility links

logo-print logo-print

ვინ რა დახარჯა პოლიტიკურ რეკლამაზე? - "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" კვლევის შედეგები გამოაქვეყნა


"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 26 დეკემბერს გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, 2008-2020 წლებში ჩატარებული არჩევნებისთვის თუ რა თანხა დახარჯეს საარჩევნო სუბიექტებმა რეკლამაში და რამდენად დომინირებდა ამ პროცესში სახელისუფლებო პარტია.

გამოკვლევის თანახმად, 2008-2020 წლებში ჩატარებული 10 არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკურმა სუბიექტებმა ჯამში 225 მლნ ლარამდე დახარჯეს, საიდანაც 134 მლნ ლარი (59%) პოლიტიკური რეკლამის ხარჯი იყო, რაც მოიცავს რეკლამის წარმოებას, განთავსებასა და გავრცელებას.

ყველაზე მეტს რეკლამაში მმართველი პარტიის სუბიექტები ან მათი მხარდაჭერილი კანდიდატები ხარჯავენ, რაც 2008-2020 წლებში 98 მლნ-მდე ლარს შეადგენს. ეს პოლიტიკური სუბიექტების მიერ რეკლამაში ჯამურად დახარჯული თანხის 73%-ია.

სარეკლამო ხარჯებიდან პოლიტიკური სუბიექტები ყველაზე მეტს სატელევიზიო რეკლამაში ხარჯავენ. 2008-2020 წლებში ეს ხარჯი 79 მლნ ლარზე მეტი (რეკლამისთვის დახარჯული თანხის 59%) იყო.

საარჩევნოდ რეკლამისთვის ყველაზე მეტი - 29.1 მლნ ლარი, 2020 წლის პარლამენტის, ხოლო ყველაზე ცოტა - 3.8 მლნ ლარი, 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნებში დაიხარჯა.

წინასაარჩევნო რეკლამებიდან ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ინტერნეტრეკლამის ხარჯია - 2012 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, 50 ათასი ლარი დაიხარჯა, 2018 წელს ამ ხარჯმა 800 ათას ლარს გადააჭარბა, ხოლო 2020 წელს - 3 მლნ ლარს. ყველაზე ნაკლები კი ბრენდირებული აქსესუარებით რეკლამის ხარჯია - 2012-2020 წლებში ჯამში 1 მლნ ლარამდე.

„პოლიტიკური სუბიექტების მიერ საარჩევნო დეკლარაციები ხარვეზებით არის შევსებული, განსაკუთრებით 2008-2011 წლებში; ხშირად რთული ან პრაქტიკულად შეუძლებელია ცალკეული მონაცემების დამუშავება. მართალია, 2012-2020 წლებში დეკლარაციის ფორმები და შევსების სტანდარტიც შედარებით დაიხვეწა, თუმცა კვლავ ხშირად ვხვდებით არაერთგვაროვნად შევსებულ დეკლარაციებს, რაც მონაცემების ანალიზს ართულებს“, - ვკითხულობთ "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოკვლევის დეტალურად ნახვა შეგიძლიათ ამ მისამართზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG