Accessibility links

site logo site logo

„კანონიერი ქურდი“ ლავასოღლი ოდესის აეროპორტში ექსტრადირების საკითხის გადაწყვეტას ელოდება


ფოტოილუსტრაცია

ქართველი ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის, ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი „კანონიერი ქურდი“ მინდია გორაძე (ლავასოღლი) ამჟამად უკრაინის საემიგრაციო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ ოდესის აეროპორტში იმყოფება. მას, სავარაუდოდ, ისევ ბელარუსში დააბრუნებენ, საიდანაც ის უკრაინაში მოხვდა. უკრაინული მხარე გორაძის ქვეყანაში შეშვებაზე არ თანხმდება.

„კანონიერი ქურდის“ უკრაინაში, ქალაქ ოდესის აეროპორტში, დაკავების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად უკრაინულმა მედიამ გაავრცელა. მათი ცნობით, მინდია გორაძე უკრაინის აეროპორტში მესაზღვრეებმა დააკავეს, რადგან საბუთები არ აღმოაჩნდა. უკრაინელმა მესაზღვრეებმა ის მინსკის რეისის თვითმფრინავში დააბრუნეს, რა დროსაც ლავასოღლიმ თავის დაზიანება სცადა. ეკიპაჟის მეთაურის მოთხოვნით მინდია გორაძე ბორტიდან ჩაიყვანეს და გადაწყვეტილების მიღებამდე ოდესის აეროპორტის მოსაცდელში დატოვეს.

როგორც ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, გორაძე არ თანხმდება უკრაინული მხარის მცდელობას დააბრუნონ ბელარუსში, ვინაიდან იქ მას შეიძლება განუსაზღვრელი დროით მოუხდეს დარჩენა.

„რადგან ასეთ შემთხვევაში მას ციხეში აღარ გადაიყვანენ და საემიგრაციო სამსახური დაიწყებს მისი საქმის წარმოებას, ვიდრე არ მოხდება მისი დეპორტაცია უკვე საქართველოში, სპეციალურ სადეპორტაციო განყოფილებაში. ეს კი მას სასჯელის მოხდის ვადაში არ ჩაეთვლება. იქ კი შესაძლებელია თვეებისა და წლების განმავლობაში იყოს“, - ამბოს გელა ნიკოლაიშვილი.

მინდია გორაძეს (ლავასოღლი) საქართველოში სხვადასხვა საქმეზე, ჯამში, 22- წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი დაუსწრებლად. მსჯავრდებულ მინდია გორაძის (ლავასოღლი) სასამართლო პროცესი 2017 წლიდან დაიწყო. ამ დროს თავად ლავასოღლი თურქეთში იმყოფებოდა. 2018 წლის ივლისში ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მინდია გორაძე დამნაშავედ ცნო „კანონიერ ქურდობაში“, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებაში, ძალადობის მუქარით ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლაში და დაუსწრებლად მიუსაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2019 წლის აპრილში ბათუმის საქალაქო სასამართლომ „კანონიერი ქურდობისა“ და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის მუხლებით ლავასოღლის დაუსწრებლად შეუფარდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იმის გამო, რომ საქართველომ არ მოახდინა მისი ექსტრადირება მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში ყველა ინსტანციის სასამართლო გაიარა, თურქეთის მხარე იძულებული იყო მისი დეპორტაცია მოეხდინა და ამოარჩია ბელორუსი...
გელა ნიკოლაიშვილი

მინდია გორაძის (ლავასოღლი) ოჯახის წევრები და ახლობლები გასული წლის ზაფხულში ”კანონიერი ქურდის“ თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირებას მოითხოვდნენ. მათ რამდენჯერმე მოაწყვეს საპროტესტო აქცია ბათუმში თურქეთის საკონსულოსა და საქართველო-თურქეთის საზღვართან. მაშინ თურქეთის ციხეში მყოფი ლავასოღლის ნათესავები და ახლობლები მოითხოვდნენ, რომ მას სასჯელი საქართველოში მოეხადა და ხელისუფლებას ადანაშაულებენ, რომ არ სურს ქართულ საპატიმროში ლავასოღლის ყოფნა.

თურქეთის ციხეში მინდია გორაძე საექსტრადიციო პატიმრობაში ორი წელი იმყოფებოდა.

როგორც ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, 2020 წლის ივნისში, ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, მინდია გორაძე თვითმფრინავით ბელარუსში გადაიყვანეს.

„იმის გამო, რომ საქართველომ არ მოახდინა მისი ექსტრადირება მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში ყველა ინსტანციის სასამართლო გაიარა, თურქეთის მხარე იძულებული იყო მისი დეპორტაცია მოეხდინა და ამოარჩია ბელორუსი, სადაც ასევე საექსტრადიციო პატიმრობაში მოათავსეს. იქაც 6 თვის განმავლობაში გაიარა ყველა სასამართლო ინსტანცია, ბელორუსში ყოფნის ვადა დაუსრულდა 2 იანვარს და რადგან საქართველოს მხარემ ისევ არ მოახდინა მისი ექსტრადირება, ბადრაგის თანხლებით ჩასვეს თვითმფრინავში და გადაიყვანეს უკრაინაში. კანონის თანახმად, საქართველოს ევალება გაგზავნოს ბადრაგი და მოახდინოს მისი ექსტრადირება“, - ამბობს ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი.

გელა ნიკოლაიშვილი
გელა ნიკოლაიშვილი

აპირებს თუ არა ქართული მხარე ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირებას, ცნობილი არ არის.

ადვოკატის თქმით, ექსტრადიციის მოთხოვნით, საქართველოს პროკურატურას რამდენჯერმე მიმართეს. თუმცა, კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს.

„არაერთხელ მივმართეთ პროკურატურას, სადაც გვპასუხობენ, რომ მიმდინარეობს პროცედურები და ეს პროცედურები აღარ დასრულდა. საქართველოს პროკურატურის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს რამდენჯერმე მივმართეთ წერილობით და ასევე წერილობით გვპასუხობს - მიმდინარეობს პროცედურებიო“ - ამბობს ადვოკატი.

2020 წლის იანვარში, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირების თაობაზე თურქეთის იუსტიციის სამინისტროს ჯერ კიდევ 2018 წლის 27 ნოემბერს მიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG