Accessibility links

site logo site logo

 BUS Lane-ზე კერძო ავტომობილებით მოძრაობა ისევ დაშვებულია


დედაქალაქის მერია აცხადებს, რომ ძალაში რჩება წინასაახალწლო დღეებში მიღებული გადაწყვეტილება - ავტობუსების სავალ ზოლებში კერძო ავტომობილების მოძრაობის დაშვების თაობაზე. 9 იანვარს გავრცელებული განცხადების თანახმად, მძღოლები BUS Lane-ზე მოძრაობისთვის არ დაჯარიმდებიან და ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებამდე.

„გასული წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ავტობუსისთვის განკუთვნილ ხაზებში კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დაუშვა, რაზეც სამართალდარღვევის ოქმი არ იწერებოდა. აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც გარკვეულწილად, ტრანსპორტის ნაკადებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევს, კვლავ ძალაში რჩება და კერძო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირების განახლებამდე, ე.წ. ბასლეინებში მოძრაობის შემთხვევაში, არ დაჯარიმდებიან“, - აცხადებს თბილისის მერია.

განცხადებაში ნათქვამია ასევე, რომ ქალაქის მასშტაბით „კერძო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მაჩვენებელი, დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი“.

მანამდე, ავტობუსების სავალ ზოლებში მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა მერიამ წინასაახალწლო დღეებში, ერთი კვირით, 31 დეკემბრის ჩათვლით დაუშვა. ხოლო შემდეგ ისევ აიკრძალა.

ზოგადად, ამ წესის დარღვევისთვის მძღოლები ჯარიმდებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად და ჯარიმის ოდენობა 100 ლარს უტოლდება.

დედაქალაქის მერია აცხადებს, რომ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირება განახლდება იმ შემთხვევაში, თუკი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, სპეციალისტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG