Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლის ოპონენტი ნავალნი დონალდ ტრამპისთვის ტვიტერზე წვდომის აკრძალვას აკრიტიკებს


ალექსეი ნავალნი იუტიუბის საშუალებით პროტესტისკენ მოუწოდებს რუსეთის მოსახლეობას, 2018 წლის 5 სექტემბრის პოსტი.
ალექსეი ნავალნი იუტიუბის საშუალებით პროტესტისკენ მოუწოდებს რუსეთის მოსახლეობას, 2018 წლის 5 სექტემბრის პოსტი.

ემიგრაციაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, თვლის, რომ ვაშინგტონში ამასწინანდელი ძალადობის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის ტვიტერის მიერ ქსელის გამოყენების აკრძალვა „ცენზურის მიუღებელი ქმედებაა“.

კრემლის 44 წლის ოპონენტმა, ნავალნიმ, თავისი პოზიცია ჩამოაყალიბა 11-პუნქტიან პოსტში, სადაც ის ამბობს, რომ „სიტყვის თავისუფლების მტრები ამ პრეცედენტს ბოროტად გამოიყენებენ“. ნავალნი, რომელიც შარშან აგვისტოში რუსეთში მოწამლეს, შემდეგ კი სასწრაფოდ გერმანიაში გააგზავნეს სამკურნალოდ, ამბობს, რომ ტრამპმა თავისი მმართველობის განმავლობაში „უპასუხისმგებლო განცხადებები დაწერა და თქვა და ... ამის საფასურს იხდის“.

ტრამპის მიმართ კრიტიკულად განწყობილები თვლიან, რომ მან პლატფორმა ხშირად გამოიყენა არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის, სიძულვილის და ძალადობის წასაქეზებლად და ბოლოს, დაუსაბუთებელი მტკიცების გასავრცელებლად, რომ ნოემბრის არჩევნები „მოიპარეს“.

6 იანვარს, როცა აშშ-ის კონგრესს არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინა, კაპიტოლიუმში ტრამპის მომხრეთა მოძალადე ბრბოს შეჭრის შემდეგ, გაიზარდა საზოგადოების ზეწოლა სოციალურ ქსელებზე, აეკრძალათ ტრამპისთვის წვდომა მის ანგარიშზე.

მას მერე, რაც ფეისბუკმა და ინსტაგრამმა სულ მცირე მისი პრეზიდენტობის ბოლომდე დროებით შეუჩერეს ტრამპს წვდომა ანგარიშებზე, 8 იანვარს ტვიტერმა გამოაცხადა, რომ „ძალადობის მომავალი წაქეზების საფრთხის გამო“ დაბლოკა ანგარიში @realDonaldTrump-ი, რომელსაც 88 მილიონი მიმდევარი ჰყავს.

ნავალნი ტვიტერს, იუტიუბსა და სხვა სოციალურ ქსელებს ეფექტიანად იყენებდა თავისი ანტიკორუფციული კამპანიების დროს, რათა გვერდი აეარა რუსეთის მოსახლეობაზე წვდომის მიზნით იმ პირობებში, რომელიც რუსეთში სუფევს მედიაზე სახელმწიფოს კონტროლის გამო.

გავრცელებული ცნობებით, ტრამპს კვლავ აქვს წვდომა პრეზიდენტობის ბოლომდე, 20 იანვრამდე, ოფიციალურ ანგარიშებზე @WhiteHouse-სა და @POTUS-ზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG