Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხატია დეკანოიძე პასუხისმგებლობისგან გაქცევად აფასებს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას


ქვეყანაში არსებული უმძიმესი მდგომარეობისგან და პასუხისმგებლობისგან გაქცევად აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, დატოვოს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი და წავიდეს პოლიტიკიდან.

„ეს არის უბრალოდ გაქცევა იმ პასუხისმგებლობისგან, რომელიც ეკისრება ბიძინა ივანიშვილს იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც არის დღეს ქვეყანაში, პრაქტიკულად დეფოლტის წინაშე მდგარი ქვეყანა, უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, პოლიტიკური და ჯანდაცვის წარმოუდგენელი მასშტაბის კრიზისი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის მემკვიდრეობა“, - ამბობს ხატია დეკანოიძე.

მისი სიტყვებით, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, პასუხისმგებლობის მთელი ტვირთი თავის გუნდს დააკისროს და ასე გაექცეს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობებს, თუმცა, ხატია დეკანოიძის თქმით, მცდელობის მიუხედავად, ის ამას ვერ მოახერხებს.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამოაცხადა, რომ საბოლოოდ ტოვებს პარტიას და პოლიტიკას.

საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 2012 წლის აპრილში შექმნა. იმავე წლის ოქტომბრის არჩევნებში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ხელისუფლებაში მოვიდა.

2012-2013 წლებში ბიძინა ივანიშვილი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2013 ნოემბერში განაცხადა, რომ პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში მიდიოდა. ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შესახებ მუდმივი განცხადებების ფონზე, პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა 2018 წელს და ისევ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გახდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG