ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა 37 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაიღუპა ერთი ადამიანი. დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი ინფექციონისტის ელეონორა ჯიოევას თქმით, 88 წლის ქალი სტაციონარში იანვრის დასაწყისში შეიყვანეს, რომელსაც თანმდევი დაავადებები ჰქონდა. როგორც ის აღნიშნავს, გამოვლინდა ორმხრივი პნევმონია და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ცხინვალის რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობამ ჯამში 2461-ს მიაღწია. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ამჟამად 842 ადამიანი რჩება. ცხინვალის საავადმყოფოებში კი 67 ადამიანი მკურნალობს, 4 ადამიანი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
კორონავირუსით დაინფიცირდა დე ფაქტო რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი აზა ხაბალოვა, რომელიც მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. მანამდე კორონავირუსით ინფიცირებულები იყვნენ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები: პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, პარლამენტის სპიკერი ალან ტადტაევი და მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გენადი ბეკოევი.
ბოლო დღეებში ოკუპირებულ რეგიონში ინფიცირების ერთეული შემთხვევები აღრიცხეს, თუმცა ბოლო 24 საათში ერთბაშად სამ ათეულს გადასცდა. მიუხედავად ამისა ცხინვალის რეგიონში 15 იანვრიდან შეზღუდვების ნაწილს ხსნიან. სასწავლო პროცესი განახლდება სკოლებში, ტექნიკუმებსა და უნივიერსიტეტში. ძალაში რჩება პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.
დაწერეთ კომენტარი