Accessibility links

site logo site logo

ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა


საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრლდებული, ძებნილ ბადრი ესებუას ძმა,ბიძინა ესებუა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მისი ადვოკატის იოსებ ჯანაშიას განცხადებით, სასამართლო სხდომაზე კიდევ ერთხელ განიხილეს შუამდგომლობა მისი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ, თუმცა მოსამართლემ ბიძინა ესებუა პატიმრობაში დატოვა.

როგორც ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, ბადრი ესებუას სისხლის სამართლის საქმეს, მისი ძმის, ბიძინა ესებუას საქმე ცალკე გამოეყო და შესაბამისად, სასამართლო მომავალში საქმეებს ცალ-ცალკე განიხილავს.დაცვის მხარის თქმით, საქმეების ცალ-ცალკე დაყოფას მათთვის არსებუთი მნიშვნელობა არ აქვს.

„ასე გადაწყვიტეს. ეს მათი [პროკურატურის] დისკრეციაა და აქ ვერ შეედავები", - განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.

ბიძინა ესებუას საქმის მორიგი განხილვა 19 თებერვალს გაიმართება.

ბიძინა ესებუა სამართალდამცველებმა 12 დეკემბერს დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით. შსს-ს განცხადებით, არსებობდა ვარაუდი, რომ ბიძინა ესებუას მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები. შესაბამისად, პოლიციის მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება - ვიზუალური კონტროლი.

14 დეკემბერს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და ძებნილ ბადრი ესებუას ძმას, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა განუსაზღვრა. დაცვის მხარე გირაოს (10 000 ლარის) შეფარდებას მოითხოვდა, თუმცა მოსამართლემ არ გაითვალისწინა.

დაკავებული ბიძინა ესებუა ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ამბობს, რომ მას ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობა პოლიციამ „ჩაუდო“. რაც შეეხება ბადრი ესებუას, მას ბრალი ედება ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში. შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელსაც, ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, ხელყუმბარა ეკავა, 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:00 საათისთვის შეიჭრა ბანკში და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა.

მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG