არქეოლოგების თანახმად, მათ ინდონეზიაში აღმოაჩინეს ცოცხალი არსების აქამდე ცნობილი უძველესი ნახატი. გამოქვაბულის კედელზე გამოსახული გარეული ღორი, მეცნიერთა თქმით, მინიმუმ 45500 წლისაა. ამის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალ Science Advances-ში. სტატიის მიხედვით, რეალური ზომის ნახატი აღმოჩნდა კუნძულ სულავესის ერთ-ერთ ველზე. აღმოჩენა რეგიონში ადამიანთა დასახლებების არსებობის უძველესი დასტურია.
„ამ [სურათის] შემქმნელები სრულიად თანამედროვე ადამიანები იყვნენ. ჩვენსავით იყვნენ, სავსებით შესწევდათ უნარი და საამისო ხელსაწყოებიც მოპოვებოდათ, რომ რაც სურდათ, ის დაეხატათ,“ წერს ანგარიშის თანაავტორი, ავსტრალიის გრიფინის უნივერსიტეტის თანამშრომელი მაქსიმ ობერი.
სულავესის ღორი, რომელიც, როგორ ფიქრობენ, ჰომო საპიენსმა შექმნა მუქი წითელი საღებავით, როგორც ჩანს, ნაწილია თხრობითი სცენისა.
ცხოველის ზურგზე აღბეჭდილია ადამიანის ხელის ორი ანაბეჭდი. ღორი უყურებს ორ სხვა ღორს, რომელთა გამოსახულება მხოლოდ ნაწილობრივ არის შენახული.
ეს არ არის ადამიანის მიერ შექმნილი აქამდე ცნობილი უძველესი ნახატი. სამხრეთ აფრიკაში ნაპოვნი ხაზოვანი ფიგურა 73 ათასი წლითაა დათარიღებული.
დაწერეთ კომენტარი