Accessibility links

site logo site logo

კალაძის თქმით, ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, თუმცა ასეთ ადამიანს ქვეყანაში გავლენა ექნება


კახა კალაძე

„ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ ილაპარაკა თბილისის მერმა კახა კალაძემ „პალიტრანიუსთან" ინტერვიუში. როგორც ის ამბობს, ივანიშვილს ქვეყანაში გავლენა ექნება.

„თუ გავიხსენებთ 2011 წელს, როდესაც მან განაცხადი გააკეთა პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, გვახსოვს, რა რეალობაში გვიწევდა ცხოვრება, რა მდგომარეობა იყო, ფაქტობრივად, ქვეყანა ჩიხში იყო შესული, პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, რომ დიქტატურა იყო დამყარებული და ერთადერთი ადამიანი, ვინც შეძლო სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების გაერთიანება, ეს გახლდათ ბიძინა ივანიშვილი და ზოგადად დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, გაძლიერებაში მას აქვს ძალიან დიდი როლი. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და ამასთან დაკავშირებით მან ძალიან ვრცლად ისაუბრა თავის განცხადებაში, თუმცა, რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანს ქვეყანაში გავლენა ექნება“, - თქვა კახა კალაძემ.

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება 2021 წლის 11 იანვარს მეორედ მიიღო და ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც მედიაზე, ოპოზიციასა და „ქართული ოცნების“ მიღწევებზე საუბრობს.

საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2012 წლის აპრილში შექმნა. იმავე წლის ოქტომბრის არჩევნებში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ხელისუფლებაში მოვიდა.

2012-2013 წლებში ბიძინა ივანიშვილი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2013 ნოემბერში განაცხადა, რომ პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში მიდიოდა. ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შესახებ მუდმივი განცხადებების ფონზე, პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა 2018 წელს და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გახდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG