Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალეკო ელისაშვილი გიორგი ვაშაძეზე: იაგო ხვიჩიას ვერსიაა, რომ ძველ ხელისუფლებას კომპრომატები აქვს


"მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერთან ინდივიდუალური შეხვედრების ჩაშლაზე საუბრის დროს ძველი ხელისუფლების წარმომადგენლების, ახლა კი ოპოზიციაში მყოფი პარტიების შესაძლო კომპრომატებზე საუბრობს.

"აუხსნელია, გაუგებარია, რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ ორ დღეში, იაგო ხვიჩიას აქვს ვერსია, რომ შეიძლება შანტაჟს აქვს ადგილი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებს რაღაცა კომპრომატები აქვთ ყოფილი თანაგუნდელი ვაშაძის წინააღმდეგ, არ ვიცი, შეიძლება ასეა, შეიძლება ასე არაა, თავს ვერ დავდებ ამაზე, მაგრამ ფაქტი არის, რომ ძალიან უხერხულად და მოულოდნელად შეიცვალა გიორგი ვაშაძემ პოზიცია", - თქვა ელისაშვილმა.

თავად "გირჩის" ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების მიერ ოპოზიციის დასაშანტაჟებლად კომპრომატებზე მინიშნება "ქოცური ნარატივია", ელისაშვილთან საუბარი კი ასე განმარტა:

"ქართული ოცნების" ნარატივი არის ის, რომ ოპოზიცია პარლამენტში იმის გამო არ შედის, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მათზე აქვთ კომპრომატები - ეს არის ქოცური ნარატივი. ზოგადად, გულისტკივილი გამოვთქვი, რომ გიორგი ვაშაძის პოზიციის ცვლილება შეიძლება უკავშირდებოდეს "ქოცების" მიერ ასეთი ჭორების გაძლიერებას".

დღეს "გირჩის", "მოქალაქეებისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერები ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა გიორგი ვაშაძემ ინდივიდუალურ შეხვედრებზე, სხვა პარტიების გარეშე, უარი თქვა.

რამდენიმე დღის წინ მედიაში "გირჩისა" და "მოქალაქეების" ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათი შეთავაზებაა, "თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა პლებისციტის ანალოგ ღონისძიებად განისაზღვროს და დადგინდეს, როგორია ქვეყანაში პოლიტიკურ ძალთა ბალანსი".

"თუ აღმოჩნდა, რომ პოლიტიკურ ძალთა ბალანსი შემოდგომაზე "ქართული ოცნების" რადიკალურად საწინააღმდეგოდ შეიცვალა, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ან 2020 წელსაც მოიპარა "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები და მართლაა ჩასატარებელი არჩევნები", - აცხადებდა ვახო მეგრელიშვილი, "გირჩის" ლიდერი.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი და "ქართული ოცნების" წევრი, გია ვოლსკი "სამართლებრივად ჩამოუყალიბებელს" უწოდებს "გირჩისა" და "მოქალაქეების" ინიციატივას.

"თუკი ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმის შესაძლებლობაზე, იყოს თუ არა რიგგარეშე არჩევნები ან განმეორებითი არჩევნები, ამას სჭირდება საფუძველი, რომელსაც შექმნის საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, ან ნებისმიერი კომისია, რომელიც კომპეტენტურ პასუხს დადებს. პირდაპირი დაკავშირება ადგილობრივი არჩევნების პლებისციტთან და ამის გამოყენება, რათა ეს შეფასდეს, სამართლებრივად ჩამოუყალიბებელია", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

31 ოქტომბრის არჩევნები 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა მათი უმრავლესობა ჯერ ისევ არ შედის პარლამენტში. მათ მიაჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდა. ახლა პარლამენტში ოპოზიციიდან მხოლოდ 4 დეპუტატია. ისინი "პატრიოტთა ალიანსის" სიით მოხვდნენ პარლამენტში მას შემდეგ, რაც ამავე პარტიის ლიდერებმა სადეპუტატო მანდატებზე უარი თქვეს.

XS
SM
MD
LG