პარლამენტში ოპოზიციის შესვლა მიუღებლად მიაჩნია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას. ის იმედს იტოვებს, რომ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი პარლამენტში არ შევა.
„რაც შეეხება ალეკოს, არ მალავს, რომ შედის პარლამენტში, რაზე უნდა ვისაუბროთ, სასაუბროც არაფერია. კიდევ ერთხელ... არავინ არ მემეტება პარლამენტში შესასვლელად. იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი რა მოხდება, იმიტომ, რომ არ იქნება ოპოზიციონერად აღქმული, მეორე, ძალიან მძიმე, მათ შორის, ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩავარდება ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის, ალეკო ელისაშვილი. თუ მაინც გადაწყვეტს [პარლამენტში შესვლას], ჩემთვის ეს იქნება წითელი ხაზი, ბუნებრივია. მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ არ შევლენ. საღი აზრის ფარგლებში არ ჯდება, რომ ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს, ალეკო იქნება, ეკა თუ ნიკა, შევიდეს იქ, სადაც პარლამენტი არ არსებობს, სადაც ადამიანმა მიიტაცა მართვის სადავეები“, - თქვა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში. მისი შეფასებით, პარლამენტის წევრის მანდატის აღება არათუ ღალატის ტოლფასი, არამედ ღალატი იქნება.
- ელისაშვილის თქმით, პარლამენტში შევა, თუ "ქართული ოცნება" "გაწიკწიკებულ საარჩევნო წესებს" დათანხმდება
ნიკა მელია ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდასხმის წინააღმდეგია. „ბევრი რამ არის დამოკიდებული თითოეულ ადამიანზე, ჩვენ წერტილების დაახლოებაზე უნდა ვმუშაობდეთ და არა დაშორებაზე. მაგალითად, ვიცით, რომ „გირჩი“ არ შედის პარლამენტში, მაინც უნდა დავესხათ თავს?!“ - აღნიშნა მან.
შეკითხვაზე, არც ალეკოს უნდა დაესხას თავს ოპოზიცია? მელია პასუხობს: „დღესაც მგონია, რომ რესურსი იყო მასთან კომუნიკაციის. პერსონალურმა დაძაბულობამაც თავისი როლი ითამაშა რიგ პოლიტიკოსებზე. პირადი აუტანლობა. ალეკო ელისაშვილზე, მათ შორის“.
მელიამ ელისაშვილიც დაახასიათა: „ძალიან განსხვავებული ადამიანია [ელისაშვილი], ემოციური ადამიანია (კი არ ვამართლებ), აღმოჩნდა თავისებურ სიგიჟეში, სადაც უკვე ნორმალური ნაბიჯები აღარ გადაიდგმებოდა. ჩვენ ვალდებულები ვართ შევინარჩუნოთ მაქსიმალური სიმშვიდე და რეალური ერთობა, ოღონდ არა ფურცელზე“, - თქვა მელიამ.
მელია გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის ეთერში „ლელოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესა და ალექსანდრე ელისაშვილს შორის დაპირისპირებას. „ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვამართლებ მამუკა ხაზარაძეს და არ ვამტყუნებ ალეკო ელისაშვილს, ადამიანს არ ვიცნობ, ვინც მოიწონა გუშინ რაც მოხდა იქ. მაგრამ, ვალდებული ვარ, რომ შევარბილო, ვეცადო“, - თქვა მან.
31 ოქტომბრის არჩევნები 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა მათი უმრავლესობა ჯერ ისევ არ შედის პარლამენტში. მათ მიაჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდა. ახლა პარლამენტში ოპოზიციიდან მხოლოდ 4 დეპუტატია. ისინი "პატრიოტთა ალიანსის" სიით მოხვდნენ პარლამენტში მას შემდეგ, რაც ამავე პარტიის ლიდერებმა სადეპუტატო მანდატებზე უარი თქვეს.
ალექსანდრე ელისაშვილმა კი 20 იანვარს თქვა: „ქართულ ოცნებას“ თუ გამოვგლიჯეთ, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, შევალთ პარლამენტში, რამდენიმე დღეში გამოვაცხადებთ გადაწყვეტილებას“.