Accessibility links

logo-print logo-print

1-ლი თებერვლიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სავაჭრო ცენტრები მუშაობას განაახლებენ


ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვინაიდან გარკვეულ რეგიონებში ეპიდემიოლოგიური ვითარების შემსუბუქების ნიშნებია, არის იმის შესაძლებლობაც, რომ წერტილოვანი შეზღუდვები შემსუბუქდეს.

„დღეის მდგომარეობით, 8 დიდ ქალაქში მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. ჩვენ მუდმივად ვაფასებთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და ვინაიდან უკვე გვაქვს გარკვეულ რეგიონებში ვითარების შემსუბუქების ნიშნები, შესაბამისად, გვაქვს საშუალება, რომ წერტილოვანი შეზღუდვები შევამსუბუქოთ.

დღეს, საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 1-ლი თებერვლიდან, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა.

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში, 1-ლი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები.

სკოლების და, შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმილი გვაქვს 1-ლი მარტიდან.

ყველა ქალაქში, ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან, განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

​ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევიდან ნახევარზე მეტი თბილისიდანაა. რეგიონებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იმერეთშია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG