Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ნავალნის მხარდამჭერი აქციები იმართება - პოლიცია აქციის მონაწილეებს აქტიურად უტევს


რუსეთის რეგიონებში დილიდან დაიწყო 23 იანვარს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი საპროტესტო აქციები, კრემლის მწვავე კრიტიკოსის, 17 იანვარს დაკავებული ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად. რუსეთის მედია იტყობინება, რომ ნოვოსიბირსკში პოლიციამ 30-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

რადიო თავისუფლების რუსეთის სამსახურის ცნობით, ნოვოსიბირსკის ოლქის საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე მასობრივი არეულობისკენ მოწოდებების ბრალდებით. დაკავებულია ადგილობრივი მკვიდრი, რომლის სახლშიც ჩხრეკა ჩატარდა. დაკავებულის ვინაობა უცნობია.

ნოვოკუზნეცკში ხალხი რამდენიმე ადგილას შეიკრიბა. რადიო თავისუფლების რუსულენოვანი სამსახური ადგილობრივებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აქციაში ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს და ჭარბობენ ახალგაზრდები. ისინი სკანდირებენ - „თავისუფლება“ და „პუტინი ქურდია“.

ალექსეი ნავალნის მოწოდებების შესაბამისად, პუტინის რეჟიმის გასაპროტესტებლად ხალხი ქუჩაში გამოვიდა ქალაქ ბარნაულშიც. იუწყებიან, რომ მოედანზე გამართულ აქციაში მონაწილეობს თითქმის 5 ათასი ადამიანი. მანამდე, აქციის მონაწილეები მსვლელობას აწყობდნენ და სკანდირებდნენ „ძირს მეფე“, „ჩვენ ვართ აქ ხელისუფლება“, „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“. აქციაში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობს. აქციის დაწყებამდე პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა და გზები არაერთ ადგილას გადაკეტა.

პოლიციამ და სპეცდანიშნულების რაზმებმა აქციის მონაწილეებს პრობლემები შეუქმნეს აღმოსავლეთ ციმბირში, ბურიატეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ულან-უდეშიც. აქციის მონაწილეები შეგროვდნენ პოლიციის განყოფილებასთან, სადაც რამდენიმე დაკავებულია გადაყვანილი. დაკავებულთა შორისაა ბურიატიაში ცნობილი კინორეჟისორი, არტემ ბურლოვი. იტყობინებიან, რომ ის სასწრაფო დახმარების მანქანით გამოიყვანეს განყოფილებიდან და მისი ბედი უცნობია. აქციის მონაწილეებს პოლიცია მოუწოდებს, მჭიდროდ დადგნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დაკავებით ემუქრებიან.

აქციები ამ ეტაპზე იმართება ირკუტსკში, ჩიტაში და რუსეთის სხვა ქალაქებსა თუ რაიონულ ცენტრებში. კრასნოდარში ერთ-ერთ აქტივისტს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა იმის გამო, რომ ის აქციის შესახებ ინფორმაციას „ტიკ-ტოკის“ საშუალებით ავრცელებდა. დღის განმავლობაში საპროტესტო აქციები იგეგმება რუსეთის სხვა ქალაქებშიც.

რუსეთის პოლიციამ ნავალნის მომხრეების დაკავება ჯერ კიდევ 22 იანვარს დაიწყო.

ალექსეი ნავალნი რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც იგი მკურნალობის კურსს გადიოდა სამხედრო დანიშნულების შხამით, „ნოვიჩოკით“ მოწამვლის შემდეგ.

მოსკოვში ჩასული ნავალნი პოლიციამ აეროპორტშივე დააკავა. მეორე დღეს, 18 იანვარს სასამართლომ მას 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, სასჯელაღსრულების დაწესებულების სარჩელის საფუძველზე.

ალექსეი ნავალნიმ რუსეთის მოქალაქეებს საპროტესტო აქციების გამართვისა და ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG