Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა ნაგავი დააყარეს


23 იანვარს, ბათუმის ბულვარის დაცვის მიზნით ორგანიზებულ აქციაზე მისული „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილ წევრს, ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელმაც ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, უარი არ თქვა აჭარის უმაღლესი საბჭოს სადეპუტატო მანდატზე. „მონა დაუძახეთ, მონა...“ - მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი ქობულეთში - ბონდო თედორაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები უმაღლესი საბჭოს დეპუტატს უკან გაჰყვნენ შეძახილებით „მონა, წადი... მონა...“ ისინი ჩავლეიშვილს ეუბნებოდნენ, რომ არა აქვს საპროტესტო აქციაზე ყოფნის მორალური უფლება.

„ის რაც ბულვარში დღეს ხდება, იმის გასაპროტესტებლად მოვედი მე. ბულვარის მიტაცება კი მხოლოდ ამ ხელისუფლების დროს არ მომხდარა, ეს განსაკუთრებულად დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. მაშინ ეს ადგილიც ბულვარი იყო, ე.წ. ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს რომ აშენებდნენ“, - უპასუხა მათ ირაკლი ჩავლეიშვილმა.

პირებმა, რომლებიც მას უკან გაჰყვნენ, ევროპის მოედანის მიმდებარე ტერიტორიაზე ურნიდან ნაგავი დააყარეს თავზე. როგორც ირაკლი ჩავლეიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ ფაქტის გამო პოლიციაში ჩივილს არ აპირებს.

„როცა მოვბრუნდი, ხელში შემრჩა ჩემი შვილიშვილის ასაკის, პატარა, ჩია ბავშვი და იმისთვის ხელი როგორ უნდა დამერტყა? ჩემი ასაკის რომ ყოფილიყო, საკადრის პასუხს გავცემდი. საჯარო პირი ვარ და მაქვს თმენის ვალდებულება. ესენი არიან ბავშვები, რომლებსაც ასე იყენებენ ჩრდილში მყოფი ადამიანები“, - უთხრა ირაკლი ჩავლეიშვილმა რადიო თავისუფლებას.

ჩავლეიშვილი 2020 წლის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ოპოზიციური ბლოკის „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“ საარჩევნო სიაში იყო „რესპუბლიკური პარტიის“ კვოტით.


მომხდარს გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი: „ამაზრზენია ის, რაც ბათუმში მოხდა, ერთნაირად სამარცხვინო ხალხია ის, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს და ისიც, ვინც ამას მიესალმება“, - დაწერა მან თავის ფეისბუკის გვერდზე.


ოპოზიციურმა ბლოკმა, რომელმაც 7 მანდატი მოიპოვა, უარი თქვა აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლაზე და ქუჩის პერმანენტული საპროტესტო აქციები წამოიწყო. ირაკლი ჩავლეიშვილმა კი „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა და უმაღლეს საბჭოში შევიდა. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ ჩავლეიშვილმა ამომრჩეველს უღალატა, როცა აჭარის საკანონმდებლო ორგანოს მანდატზე არ თქვა უარი და უმაღლეს საბჭოში შევიდა.

2018 წელს მსგავსი ინციდენტი მოხდა გორში, სადაც აქტივისტს გორის მერიის თანამშრომელმა დაამხო თავზე ნაგვის ურნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG