გორის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილი საჯარო მოხელე თემურ მანველიშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს.
2018 წლის ოქტომბერში გორის მერიასთან საპროტესტო აქციაზე თემურ მანველიშვილმა სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს თავზე ნაგვით სავსე ურნა დაამხო.
მაქარაშვილი აპროტესტებდა გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის, განცხადებას, თითქოს აგვისტოს ომის დროს ცხინვალი გორიდან დაიბომბა. აქციის დროს გიგა მაქარაშვილმა გორის მერიის შენობასთან ფუნა და ხორბალი დაყარა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა აქციის დასრულების შემდეგ მაქარაშვილი ტერიტორიას ასუფთავებდა.
პროკურატურამ გიგა მაქარაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.
გასული წლის ნოემბერში გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მერიის ადმინისტრაციის უფროს თემურ მანველიშვილს საყვედური გამოუცხადა. თემურ მანველიშვილი თანამდებობიდან გადადგა.