Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანკისში 42 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა


თელავის რაიონულმა სასამართლომ დღეს, 24 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა მკვლელობაში ბრალდებულ ხიზირა გაურგაშვილს.

ბრალის დადგენილების თანახმად, გაურგაშვილსა და მოკლულ იბრაჰიმ ქავთარაშვილს შორის დაპირისპირება იმის გამო დაიწყო, რომ დაკავებულმა საკუთარ ცოლსა და მოკლულ მამაკაცზე იეჭვიანა. მითითებულ ნაწილს არ დაეთანხმა დაცვის მხარე და განაცხადა, რომ კონფლიქტი წარსულში არსებულ სხვა წყენას უკავშირდება.

მოსამართლე ვერიკო ზათიაშვილმა სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და აღკვეთის ღონისძიების სახით დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარეს არ დაუყენებია შუამდგომლობა. მან გადაწყვეტილება სასამართლოს მიანდო. პროცესზე სიტყვა წარმოთქვა ხიზირა გაურგაშვილმაც. ის ბრალს აღიარებს და ჩადენილ დანაშაულს ინანიებს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 15 მარტს უნდა გაიმართოს.

მკვლელობა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში მიმდინარე წლის 17 იანვარს მოხდა. იმ პერიოდში სოფელში მომხდარის მოტივებზე არ ლაპარაკობდნენ, თუმცა გაჟღერდა ვერსია, რომლის მიხედვითაც, მკვლელობაში ბრალდებულმა, მოკლულ იბრაგიმ ქავთარაშვილს უსაყვედურა, თუ რატომ არ იმყოფებოდა ის რამდენიმე კვირის წინ, მისი ოჯახის წევრის სამძიმარზე.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) მუხლით დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG