Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მილგამყვანმა გემმა „ფორტუნამ“ განაახლა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა დანიის წყლებში


დანიის წყლებში განახლდა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა, იუწყება „დოიჩე ველე“ მაგისტრალის ოპერატორ კომპანიაზე დაყრდნობით.


გაზსადენის მშენებლობის დასრულებას ახორციელებს მილგამყვანი რუსული ხომალი „ფორტუნა“, რომლის წინააღმდეგაც აშშ-მა 19 იანვარს შემოიღო სანქციები. მანამდე, სანქციების შიშით, მშენებლობა შეჩერებული იყო თითქმის მთელი წლის განმავლობაში. ვაშინგტონმა შეზღუდვები შემოიღო ასევე საკუთრივ მილგამყვანის მფლობელი კომპანია „КВТ-Рус“-ის, „როსტანკერისა“ და ასევე მშენებლობაში მონაწილე ორი გემის, Sierra-სა და „მაქსიმ გორკის“ მიმართ.

გემების სადამკვირველო პორტალ Marinetraffic-ის ცნობით, ხომალდი „ფორტუნა“ დანიის კუნძულ ბორნჰოლმიდან დაახლოებით 28 კილომეტრის დაშორებით იმყოფება. მის მახლობლად არის განლაგებული ასევე რამდენიმე გემი, რომლებმაც „ფორტუნას“ დახმარება უნდა გაუწიონ.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენი, ბალტიის ზღვის ფსკერზე გავლით, ითვალისწინებს წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირებას რუსეთიდან გერმანიამდე.

ვაშინგტონი და ევროკავშირის სხვა ქვეყნები შიშობენ, რომ რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიასთან დამაკავშირებელი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზრდის ევროპის ენერგეტიკულ დამოკიდებულებას მოსკოვზე, რომელიც ენერგეტიკას პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს.

ცოტა ხნის წინ რუსეთის კონცერნმა „გაზპრომმა“ ინვესტორები გააფრთხილა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი შესაძლოა გაიყინოს მთელი რიგი გარემოებების, მათ შორის - პოლიტიკური ზეწოლის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG