Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა" - იაგო ხვიჩიამ შესაძლოა იარაღის ტარების უფლება გამოიყენოს


იაგო ხვიჩია
იაგო ხვიჩია

პარტია „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის“ ეთერში თქვა, რომ მას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დაურეკა და მოეჩვენა, რომ დაემუქრა. ამიტომ, ხვიჩია აპირებს, პარლამენტის წევრისთვის მინიჭებული იარაღის ტარების უფლებით ისარგებლოს.

„ნიკა მელიამ დამირეკა, ცუდი საუბარი გვქონდა, სამწუხაროდ, მე მომეჩვენა, რომ დამემუქრა კიდეც. ამიტომ მინდა თქვენი მეშვეობით გავარკვიო, მართლა მემუქრება ნიკა მელია თუ ზოგადად გაბრაზებულზე იცის ასეთი ლაპარაკი. მე მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა. ნიკა მელია ჩემზე დიდია ფიზიკურად, ჩემი მორევა შეუძლია, მე პარლამენტის წევრი ვარ, მაქვს იარაღის ტარების უფლება, თუ ეს მართლა მუქარაა და დაადასტურებს ბატონი მელია, მე უნდა მივმართო საქართველოს პარლამენტს, თუ ვისაც არ უნდა იყოს, იმისთვის, რომ იარაღის ტარების უფლება მქონდეს. მურუსიძის სასამართლოს იმედად პოლიციაში ხო არ ვუჩივლებ ჩემს პარტნიორს, მე ასეთი ადამიანი არ ვარ, ამ სასამართლოში არ ვუჩივლებ. ჩემზე დიდი რომ არ მომერიოს, მე მჭირდება თავდაცვის საშუალება. ჯერ ვაზუსტებ, ბატონი მელია დამემუქრა თუ ხუმრობა იყო. მემუქრება დებატებზე გამოწვევით თუ ფიზიკურად, რომ ჩემზე დიდია, იმით", - ამბობს იაგო ხვიჩია.

პოლიტიკოსი მელიას მუქარას მისი პარტიის გაკრიტიკებას უკავშირებს. „მე დღეს გავაკრიტიკე „ნაციონალური მოძრაობა" და ხელისუფლებაც, თავისთავად ცხადია, იქიდან გამომდინარე, რომ მე არ მინდა ვიყო პასუხისმგებელი ამ ქვეყანაში პარლამენტარიზმის ჩაშლაზე. ეს უნდა ორივე პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობასაც" და „ქართულ ოცნებასაც". მე მინდა, რომ ქართველი ხალხი მომავალში არ მაბრალებდეს პარლამენტარიზმის დაშლას. იცოდეს, რომ ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ პარლამენტი გამოსულიყო. იმ შენობაში, რომელიც პარლამენტი არ არის, ცხადია, მე ვერ ვივლი. ორი რამ მინდოდა - იმუნიტეტი „ქართული ოცნებისგან" თავდასაცავად და იარაღის ტარების უფლება, ზოგადად, თავდასაცავად. ქუჩაში ვერ გასულხარ, ვიღაცას ნაგავს ამხობენ“, - თქვა ხვიჩიამ.

რადიო თავისუფლება ცდილობს ნიკა მელიასთან დაკავშირებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG