კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა ზურაბ ბერიკაშვილმა თანამდებობა დატოვა. რადიო თავისუფლებას ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტოს პრესსამსახურში დაუდასტურეს. უწყებაში თქვეს, რომ ის თანამდებობიდან საკუთარი სურვილით წავიდა, თუმცა კვლავ სამართალდამცავ უწყებაში გააგრძელებს მუშობას, მაგრამ სად, ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ.
ზურაბ ბერიკაშვილი კახეთის სამხარეო პოლიციას 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, უახლოეს დღეებში კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსის თანამდებობას დაიკავებს კახა მურადაშვილი, რომელიც ამ დრომდე იმავე თანამდებობაზე მუშაობს გურიის მხარეში.
ოპოზიციის ნაწილი კი მიიჩნევს, რომ კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მიერ თანამდებობის დატოვება შესაძლოა უკავშირდებოდეს თელავის მუნიციპალიტეტში ერთი თვის წინ ექიმის მკვლელობის ამბავს.
„ლეიბორისტული პარტიის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნიკა ვარდოშვილი ამბობს, რომ „მსგავსი გათავისუფლებით ვერ შეიცვლება დღეს არსებული კრიმინალური მდგომარეობა, რომელიც ხელისუფლების მიერ არის მხარდაჭერილი“.
ვარდოშვილის კიდევ ერთი ვერსიით, შესაძლოა, სამინისტროში სამართალდამცავი უწყების ხელმძღვანელი იცვლება და ეს პროცესიც ამას უკავშირდებოდეს.
2020 წლის 25 დეკემბერს სოფელ იყალთოში მოკლეს თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ექიმი ზურაბ საჩიშვილი. მაშინ სროლის შედეგად, ერთი ტყვია ხელში მოხვდა თელავის მერიის მაღალჩინოსანს, ლევან ბერძენაშვილს, რითაც მას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიადგა.
მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე ვანო ზანდარაშვილი. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ვანო ზანდარაშვილს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.