Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენზელ მკოიანი ძმის ცოლის სავარაუდო თვითმკვლელობას უკავშირებს სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლას


ენძელ მკოიანი
ენძელ მკოიანი

50 წლის ქალი, რომელმაც 27 იანვარს ახალქალაქში, სავარაუდოდ, თავი მოიკლა, ყოფილი პარლამენტარის ენზელ მკოიანის ძმის ცოლია. ​

მკოიანის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან მათ ოჯახზე ზეწოლა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი. „წელს ჩვენი ოჯახი ძალიან დატანჯეს. ეს ქალი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. ჯერ, შარშან, 4 ოქტომბერს, მის ქმარს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთი წლის წინ, პროკურატურაში საქმე არ აღძრულა. 2020 წელს მისი შვილი დააკავეს. არ აძლევდნენ უფლებას, რომ საკუთარ შვილთან ესაუბრა. მოდიოდა ქალი და ტიროდა, შვილთან სატელეფონო საუბარს მთხოვდა. ძმას მანქანა აუფეთქეს, კანტუზია მიიღო, შემდეგ გაზისა და ჰესის ბიზნესები გააჩერეს. ამას მისმა გულმა ვერ გაუძლო და თვითმკლელობამდე მივიდა“, - ამბობს ენზელ მკოიანი.

გარდაცვლილი ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებელი იყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ახალქალაქში ენზელ მკოიანის ძმის, მარტუნ მკოიანის ავტომანქანა 21 აგვისტოს ააფეთქეს. მომხდარი მარტუნ მკოიანმა პოლიტიკოსი ძმის საქმიანობას დაუკავშირა და თქვა, რომ მას, როგორც ბიზნესმენს, პრობლემები არავისთან აქვს.

რამდენიმე დღით ადრე ადვოკატმა ტარიელ მურმანიშვილმა თქვა, რომ 2020 წლის 20 ივლისს ენზელ მკოიანს დაემუქრნენ და 5 მლნ ლარის გადახდა მოსთხოვეს.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, „ქართულმა ოცნებამ", ენზელ მკოიანის ნაცვლად, სამველ მანუკიანი წარადგინა და სწორედ ის გახდა დეპუტატი.

1999 წლის შემდეგ პირველად, ენზელ მკოიანს მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსი არ აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG