Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაბათ-კვირის გამოსვლების წინ იზრდება ზეწოლა ნავალნის მოკავშირეებზე


საპროტესტო აქცია მოსკოვში. 23 იანვარი, 2021 წ.
საპროტესტო აქცია მოსკოვში. 23 იანვარი, 2021 წ.

რუსეთის ხელისუფლება აძლიერებს ზეწოლას ოპოზიციის პატიმრობაში მყოფი ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოკავშირეებზე, უკვე მეორე შაბათ-კვირას დაგეგმილი საპროტესტო გამოსვლების წინ, რომელსაც კრემლი უკანონოს უწოდებს.

29 იანვარს მოსკოვის საოლქო სასამართლომ 23 მარტამდე შინაპატიმრობა მიუსაჯა ალექსეის ძმას, ოლეგ ნავალნის და ოლეგ სტეპანოვს, ნავალნის მოსკოვის შტაბ-ბინის კოორდინატორს. მათ ბრალად დასდეს კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევა, 23 იანვარს საპროტესტო დემონსტრაციის მოწვევის გზით.

სასამართლომ ასევე უნდა განიხილოს წინასწარი პატიმრობის საკითხი ლიუბოვ სობოლისთვის, რომელიც ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის ადვოკატია, საპროტესტო პანკ-ჯგუფ პუსი რაიოტის წევრ მარია ალიოხინასთვის და ექიმების პროფკავშირის ალიანსის ხელმძღვანელისთვის, ანასტასია ვასილიევასთვის. ისინი 27 იანვარს დააკავეს, სანიტარული და ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევის ბრალდებით.

პარალელურად, საგამოძიებო კომიტეტმა 29 იანვარს გამოაცხადა, რომ დაუსწრებლად წაუყენა ბრალდება ნავალნის ახლო მოკავშირეს, ლეონიდ ვოლკოვს, თინეიჯერებისთვის ნავალნის მომხრეების მიერ მოწყობილ "უკანონო" დემონსტრაციებში მონაწილეობის მიღების მოწოდებით გამოსვლის გამო.

ნავალნი და მისი მოკავშირეები 31 იანვარს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ათობით ქალაქში გეგმავენ საპროტესტო დემონსტრაციებს. წინა შაბათ-კვირას გამართულ აქციებში მონაწილეობა მიიღო ასი ათასობით მოქალაქემ, მიუხედავად ძალადობრივი ზეწოლისა პოლიციის მხრიდან. პოლიციამ აქციებზე 4000-მდე პირი დააკავა.

ალექსეი ნავალნი 15 თებერვლამდე პატიმრობაში რჩება. მას შემდეგ, რაც სასამართლომ მისი სარჩელი უარყო, მან 28 იანვარს თავის ვებსაიტზე გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს დაძლიონ შიში და ახალი დემონსტრაციები გამართონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG