Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არუაა" ოკუპირებული აფხაზეთის თბილისთან სავაჭრო ურთიერთობების წინააღმდეგია


​რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაა“ თბილისთან სავაჭრო ურთიერთობების ნორმალიზების წინააღმდეგია. ამის შესახებ საუბარია ოპოზიციური გაერთიანების განცხადებაში.

„არუააში“ მიიჩნევენ, რომ „მტრულ სახელმწიფოსთან“ სავაჭრო ურთიერთობები აფხაზეთს „საქართველოს მხრიდან სავაჭრო ექსპანსიამდე“ მიიყვანს. „ჩვენ არასდროს დავუჭერთ მხარს პოლიტიკას, რომელსაც ომის შედეგების რევიზიისკენ მივყავართ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ აფხაზეთის ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოსთან ვაჭრობის დაკანონება აუცილებელია. შამბას მიაჩნია, რომ აუცილებელია ამ პროცესის ლეგალიზება, რათა მოგება არა ცალკეულმა პირებმა, არამედ ხაზინამ მიიღოს.

„არუააში“ კი ამბობენ, რომ სერგეი შამბას ინიციატივა მსგავსია საქართველოს მთავრობის პროგრამისა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რომელიც გამყოფი ხაზის გასწვრივ ვაჭრობის გაფართოებასა და გამარტივებას გულისხმობს.

„ჩვენი ხელისუფლებისგან ასეთი საჩუქრის მიღების შემდეგ, საქართველო ეკონომიკის საშუალებით თავისი პოლიტიკური მიზნების რეალიზაციისთვის, დაიწყებს დემპინგის პოლიტიკას იმისთვის, რათა განდევნოს რუსული ბაზრებიდან ჩვენი საქონელი. ინდივიდუალური მეწარმეები დაიწყებენ საქონლის იმპორტს საქართველოდან, მათ ეყოლებათ ქართველი პარტნიორები, დამყარდება ჰორიზონტალური კავშირები. ეს ყველაფერი ჩვენი მწარმოებლების საზიანოდ მოხდება, ჩვენი სახელმწიფოს აღიარების გარეშე. ქართული საქონლის ოფიციალურად ახალი ბაზრის გახსნა დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე და, შედეგად, ქართული არმიის შესაძლებლობების ზრდაზე. იგი უარყოფითად აისახება რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

„არუაა“ სერგეი შამბას ძველ დამსახურებებზეც მიუთითებს, თუმცა აღნიშნავს, რომ თუ იგი საქართველოსთან ვაჭრობის დაკანონების საკითხის ლობირებას არ შეწყვეტს, მისი თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნას დააყენებს.

„ჩვენ არ უნდა დავუშვათ, აფხაზეთში საქართველოდან ოფიციალურად შემოვიტანოთ საქონელი. ეს ჩვენი სახელმწიფოს დასასრულის დასაწყისი იქნება. რაც შეეხება კონტრაბანდასთან ბრძოლას, ამისთვის ჩვენ სამართალდამცავი ორგანოები გვყავს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG