Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა პროკურატურის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს


გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული და გამოძიების ვერსიით სუიციდის მსხვერპლის, 23 წლის წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილება, რომლმაც უარი თქვა დასრულებული გამოძიების განახლებასა და გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის მამისთვის კვლავ დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მიცემაზე.

საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება ამ საკითხზე 14 დღის ვადაში უნდა მიიღოს. საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ოჯახი აპირებს, მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს.

საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება 2020 წლის 17 დეკემბერს დახურა. პროკურატურის ვერსიით, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი, რომლის ცხედარიც გაუჩინარებიდან 4 დღის შემდეგ, საკუთარ ავტომობილში იპოვეს სამანქანო გზის პირას, თვითმკვლელობაა. ოჯახი გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე ეჭვქვეშ აყენებს ამ ვერსიას და გამოძიების მიმართ ნდობა არაერთხელ დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ. 19 იანვარს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მტკიცებულებების გაყალბების საქმეზე მას შემდეგ, რაც ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა გააკეთა განცხადება ახალი გარემოების, კერძოდ, მიმოწერის "სქრინის" შესახებ.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების დახურვამდე ცოტა ხნით ადრე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა ამ საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისთვის დაკავებული პირი, დავით ფურცხვანიძე - მან ადვოკატს მიაწოდა დამონტაჟებული გრაფიკული მასალა, რომელიც, მისი თქმით, სატელიტიდან გადაღებული კადრები იყო იმ დღეების, როდესაც თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG