Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარლ ჰარცელი არაეთიკურად მიიჩევს თეა წულუკიანის საქციელს ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გამოცხადების გამო


ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის საფუძველზე შეაფასა პარლამენტის დეპუტატის თეა წულიკიანის საქციელი და მას არაეთიკური უწოდა.

„სიფრთხილით მოვეკიდები, მაგრამ ამავე დროს ღია პასუხს გაგცემთ. გეტყვით, რომ როდესაც ეს ვნახე გუშინ, ძალიან უსიამოვნო სიურპრიზი იყო. როგორც ყველამ ვიცით, კონფიდენციალურობის უფლება ფუნდამენტური საკითხია და მე ეს არაეთიკურად მივიჩნიე. რაც შეეხება იმას, რაც ჩემს შეფასებას სცდება, ეგ ჩემი განსასჯელი არ არის. რამდენადაც ვიცი, სახელმწიფო ინსპექტორი შეისწავლის ამას მონაცემთა დაცვის კუთხით. ვნახოთ, როგორი იქნება მათი შეხედულებები ამ საკითხზე“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, დეპუტატმა თეა წულუკიანმა, პარტია "მოქალაქეების" ლიდერს, ალეკო ელისაშვილს, რომელიც 2 თებერვალს პირველად ესწრებოდა პარლამენტის სესიას, ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი ხმამაღლა უკარნახა და უთხრა, რომ შეუძლია, კონსულტაციებისთვის მას დაურეკოს ხოლმე.

"თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რატომ ხართ?" - ჰკითხა თეა წულუკიანმა ალეკო ელისაშვილს.

მანამდე ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ უკვე დეპუტატის რანგშიც მზად არის, უპასუხოს მოქალაქეების სატელეფონო ზარებს, ისევე როგორც ამას საარჩევნო კამპანიისას აკეთებდა და თავისი ნომერი დარბაზში გამოაცხადა.

ალეკო ელისაშვილის თანაგუნდელმა, ლევან იოსელიანმა, რომელიც ასევე შევიდა პარლამენტში, თეა წულუკიანს მოუწოდა, ნიკა გვარამიას ნომრის ნაცვლად, თავისი ნომერი გამოეცხადებინა ხმამაღლა.

„მოქალაქეებმა“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა, რიგგარეშე არჩევნების, საარჩევნო რეფორმის და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საერთო მოთხოვნას შეუერთდა და მონაწილეობდა აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით „ქართულ ოცნებასთან“ მიმდინარე მოლაპარაკებებში.

მოგვიანებით, „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია დაადანაშაულა მოლაპარაკების ჩიხში შეყვანის და ჩაშლის მცდელობაში და „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკება დამოუკიდებლად დაიწყო.

29 იანვარს ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა განაცხადეს, რომ მმართველ პარტიასთან მიღწეულია შეთანხმება ფუნდამენტურ საარჩევნო რეფორმაზე, ამიტომ პარლამენტში საქმიანობას დაიწყებენ და თუ „ქართული ოცნება“ შეთანხმებას დაარღვევს, პარლამენტს დატოვებენ.

რაც შეეხება პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას, "მოქალაქეების" ლიდერების თანახმად, "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკებების დროს ოპოზიციის მიერ დასახელებული 5 პირიდან 4 წინასწარ პატიმრობაში აღარ იმყოფება და თუ ოპოზიციის წარმომადგენლებს ამ საკითხზე საბოლოო შედეგის მიღწევა სურთ, პარლამენტში უნდა შევიდნენ და მმართველ პარტიასთან მოლაპარაკება გააგრძელონ.

სხვა ოპოზიციური პარტიები "მოქალაქეების" ლიდერებს "ქართული ოცნების" სცენარით მოქმედებაში ადანაშაულებენ.

2 თებერვალს "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, არ დააკმაყოფილოს ბოიკოტის რეჟიმში მყოფი 51 დეპუტატის მოთხოვნა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ იმის გამო, რომ დაახლოებით 20-მდე ოპოზიციონერს უნდა მანდატების გამოყენება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG