რუსეთმა „ისტერიული“ უწოდა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთვის პატიმრობის მისჯის გამო დასავლეთის მხრიდან კრიტიკას.
2 თებერვალს მოსკოვის სასამართლომ 2 წლით და 8 თავით პატიმრობა მიუსაჯა ნავალნის ადრე მისთვის მისჯილი პირობითი პატიმრობის წესების დარღვევისთვის. ნავალნი რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდა გერმანიაში მას შემდეგ, რაც ის აგვისტოში მოწამლეს საბრძოლო ქიმიური ნივთიერება „ნოვიჩოკით“. კრემლის კრიტიკოსი აცხადებს, რომ ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მითითებით მოწამლეს ფსბ-ს მაღალი რანგის ოფიცრებმა.
ნავალნის ადვოკატმა განაცხადა, რომ 2 თებერვლის განაჩენს გაასაჩივრებენ.
მოსკოვის სასამართლოს განაჩენმა მწვავე კრიტიკა გამოიწვია აშშ-ის, ბრიტანეთის, კანადისა და ევროკავშირის მხრიდან.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 3 თებერვალს დასავლეთს ბრალი დასდო, რომ მისი რეაქცი გადაჭარბებულია. „ისტერია, რაც გვესმის ნავალნის სასამართლო პროცესის თაობაზე, აშკარად ზღვარს გადადის,“ თქვა ლავროვმა.
მანამდე კრემლმა არაერთხელ უკუაგდო მოწოდებები, დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდეს ოპოზიციონერის მოწამვლის საქმეზე.
3 თებერვალს რუსეთში კვლავ გაიმართა ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები. პოლიციამ დააკავა ასობით ადამიანი, უმეტესობა - მოსკოვში.
რუსეთში ამჟამად უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დიდი ანტისამთავრობო აქციები ტარდება. უკანასკნელ დღეებში გამოსვლებმა მოიცვა ასზე მეტი ქალაქი მთელ ქვეყანაში. პოლიცია ხშირ შემთხვევაში სასტიკად უსწორდებოდა დემონსტრანტებს, დაკავებულია 10000-ზე მეტი ადამიანი.