Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ გაბუნიას თქმით, აღმოიფხვრება შეფერხება, თუ არსებობდა და სრულად დაიფარება მაკო გომურის ჯანმრთელობისთვის საჭირო ხარჯები


მაკო გომური
მაკო გომური

მაკო გომურის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვის როგორც ფინანსური, ასევე სხვა საკითხები ძალაშია და ბოლომდე მივიყვანთ, - ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მიაწოდა. მან თქვა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთვის მაკო გომურის ჯანმრთელობის მდგომარეობა აქამდეც მნიშვნელოვანი იყო და ის სერვისი, რომელიც მან უცხოეთში და საქართველოში მიიღო, სრულად დაფინანსდა სამინისტროს სახსრებით. თამარ გაბუნია ამბობს, რომ სრულად იქნება დაფარული ამ დროისათვის საჭირო ხარჯებიც:

„დღევანდელი მდგომარეობით თუ მას აქვს ჯანმრთელობის საჭიროება, ესეც ასევე სრულად იქნება დაფარული სახელმწიფოს პასუხისმგებლობით“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსა და საგანგებო მდგომარეობების მართვის სამსახურში სრული მზაობა და მობილიზაციაა იმისთვის, რათა მაკო გომურმა მისთვის საჭირო ყველა სერვისი და დახმარება მიიღოს და აღმოიფხვრას შეფერხება, თუ არსებობდა:

„საგანგებო მდგომარეობების მართვის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი იქნება აუცილებლად მასთან კომუნიკაციაში ისევე, როგორც ამ კომუნიკაციისთვის მზად არის მინისტრი, მზად ვარ მე და ყველა ის თანამშრომელი, ვინც შესაძლოა ჩაერთოს მისი ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარების საკითხში. აქამდე რა კომუნიკაციის ხარვეზებზეა საუბარი, ამას, რა თქმა უნდა, უწყება შეისწავლის, მაგრამ ამ მომენტისთვის არანაირ შეფერხებას ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ მოველით“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისი თქმით, დღესვე გამოსწორდება, თუ რამე შეფერხება იყო.

2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულმა მაკო გომურმა სოციალურ ქსელში 3 თებერვალს დაწერა, რომ 3 კვირის წინ გაუტყდა თვალის პროთეზი და უწევს პირველი პროთეზის გამოყენება, რომლის ტარება მტკივნეული და ჯანმრთელობისთვის საზიანოა. „ფეისბუკში" ის აღნიშნავს, რომ ბუნდოვანია უცხოეთში მისი მკურნალობის გაგრძელების საკითხიც.

2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს 18 წლის მაკო გომურმა საპროტესტო აქციის დაშლის დროს თვალი დაკარგა.

ისრაელის კლინიკებში მკურნალობის გაგრძელების საკითხზე თვეების განმავლობაში ელოდებიან პასუხს 20-21 ივნისის მოვლენების სხვა დაზარალებულები, კობა ლეთოდიანი და დემეტრე ნაყოფია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG