Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: „ამოღებულია შაშხანა, „დუბინკა“, ბეისბოლის ჯოხი“


შს სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, წყალტუბოს რაიონში, სოფელ ჟონეთთან, ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მიმდინარეობისას, პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს ორი ავტომობილი.

„ერთიდან ამოღებულია ვინჩესტერის მოდელის რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და სნაიპერული შაშხანა, ხოლო მეორე ავტომობილიდან ბეისბოლის ჯოხი და ბლაგვი საგანი, ე.წ. „დუბინკა“. პოლიციამ ჩამორთმევის შემდეგ მფლობელებს განუმარტა რომ აღნიშნული ნივთები აქციის დასრულების შემდეგ დაუბრუნდებოდათ“, - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

7 თებერვალს ნამახვანჰესის წინააღმდეგ სოფელ ჟონეთში ადგილობრივი მოსახლეობა და სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მხარდამჭერები მორიგ მშვიდობიან აქციას მართავენ.

„არა გიგანტურ ჰესებს”, „ძალიან დიდი საქმეები, ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უნდა კეთდებოდეს”, „ნამახვანჰესი გაანადგურებს ქუთაისს”, – ვკითხულობთ აქციის მინაწილეების მიერ მიტანილ ტრანსპარანტებზე.

„მთის ამბების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნამახვანჰესის წინააღმდეგ დაგეგმილი საპროტესტო აქციის გამო, სოფელ ოფურჩხეთში პოლიციას 7 თებერვლის დილიდან აქვს მოწყობილი რეიდი. პოლიციის თანამშრომლები ნამოხვანისკენ მიმავალ მანქანებს აჩერებენ და ჩხრეკენ.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს აქციის მონაწილეების გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის ფუნდამენტური უფლებების განუხრელად დაცვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG