Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილმა საქართველოში უკრაინის ელჩს მექრთამე და კორუმპირებული უწოდა


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოში უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის განცხადებას „ფეისბუკზე“ გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მან დიპლომატი დაადანაშაულა უკრაინის საწინააღმდეგო ინტერესების გატარებაში, აგრეთვე, უწოდა მექრთამე და კორუმპირებული.

„უკრაინის ელჩი საქართველოში, ბატონი დოლგოვი, რომელიც ოთხი წლის წინ დანიშნა პოროშენკომ ერთადერთი მიზნით, ჩემ წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ზელენსკის პირობებშიც დარჩა და აგრძელებს საქართველოსა და მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში უკრაინის იმიჯისთვის ზიანის მიყენებას.

ეს ის დოლგოვია, რომელიც პოროშენკოს გუნდთან უნისონში მუშაობდა, რომ უკრაინის დეპუტატები დამკვირვებლების რანგში არ წასულიყვნენ საქართველოში გამართულ არჩევნებში, გასული წლის ოქტომბერს“, - წერს სააკაშვილი.

როგორც ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, დღეს დოლგოვი მას ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის გამო თავს დაესხა, ბრაზიანი რიტორიკით.

მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ დოლგოვი ღრმად კორუმპირებულია და ის მოქმედებს უკრაინის ინტერესების საწინააღმდეგოდ. „მე მივაღწევ იმას, რომ ასეთი ელჩი არ ჰყავდეს არც უკრაინას და არც საქართველოს. მე ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან“, - აღნიშნავს სააკაშვილი. მან დაამატა, რომ მისი ღრმა რწმენით, ელჩი მექრთამე და კორუფციონერია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო უკრაინის ინტერესების დაცვასთან.

დღეს, 9 თებერვალს, საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა ჰქონდა იგორ დოლგოვს. შეხვედრა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხებოდა.

იგორ დოლგოვის კომენტარი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა: „სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მიწევს იმ პირთა მიერ გაკეთებული განცხადებებზე კომენტარის გაკეთება, რომელნიც პირდაპირ არ არიან ჩართულნი საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებში. სამწუხაროდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებები არ გვეხმარება ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობაზე დაფუძნებული ატმოსფეროს შენებასა და ორმხრივი ურთიერთობისა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით. ბუნებრივია, როგორც კონკრეტულ პირს, მას აქვს გამოხატვის უფლება. თუმცა ახლა, როდესაც პარლამენტსა და საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული სიტუაცია მეტ-ნაკლებად დარეგულირდა და ფოკუსირება სხვა, მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე ხდება, ვინაიდან სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველო და უკრაინა კოვიდპანდემიის წინააღმდეგ იბრძვიან, ასეთი მოწოდებები დაუმორჩილებლობასთან და კანონსაწინააღმდეგო მანიფესტაციების გამართვასთან დაკავშირებით, ნამდვილად არ დაგვეხმარება. ეს არ დაეხმარება ქართველ ხალხს, მათ ერთიანობას და საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებს.

შესაბამისად, ვიმედოვნებ, რომ ერთი კონკრეტული პირის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი მოქალაქის ერთი კონკრეტული აზრი ვერ დააზიანებს ჩვენს მეგობრობას და ჩვენი ხალხების სურვილს უფრო მეტად დაახლოებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვჭირდება ძლიერი და ერთიანი საქართველო სტრატეგიულ პარტნიორად. ეს არის ჩვენი საერთო ინტერესი და მისწრაფება, ვიყოთ ძლიერნი და საიმედონი ერთმანეთისთვის".

6 თებერვალს დაწყებულ დაუმორჩილებლობის აქციას „ფეისბუკზე" გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მან აქციას პირველი მერცხალი უწოდა და აღნიშნა, რომ ეს აუცილებლად დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი მთელ საქართველოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG