Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სასამართლომ გასცა ალექსეი ნავალნის ახლო მოკავშირის, ლეონიდ ვოლკოვის დაპატიმრების ორდერი


ლეონიდ ვოლკოვი
ლეონიდ ვოლკოვი

რუსეთის სასამართლომ გასცა პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ახლო მოკავშირის, ლეონიდ ვოლკოვის დაპატიმრების ორდერი. მანამდე რამდენიმე საათით ადრე საგამოძიებო კომიტეტმა გამოაცხადა, რომ ვოლკოვი, რომელიც რუსეთის მასშტაბით ნავალნის გუნდების ქსელს ხელმძღვანელობს, ძებნილთა სიაში შეიყვანეს.

10 თებერვალს მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ დაპატიმრების ორდერი გასცა საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე.

ვოლკოვი ამჟამად რუსეთის ფარგლებს გარეთ იმყოფება, უცნობია, რომელ ქვეყანაში. ის ეჭვმიტანილია არასრულწლოვანთა მიმართ მოწოდებებში, იანვრის ბოლოს მონაწილეობა მიეღოთ ნავალნის მხარდამჭერ არასანქცირებულ დემონსტრაციებში.

პუტინის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსი, 44 წლის ნავალნი 17 იანვარს დააპატიმრეს, მას შემდეგ, რაც რუსეთში დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც მას მკურნალობდნენ ნერვული ქიმიური იარაღით მოწამვლის გამო. ნავალნი მოწამვლაში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სდებს ბრალს, კრემლი ამ ბრალდებას უარყოფს.

მის დაკავებას პროტესტი მოჰყვა ქვეყნის მასშტაბით და დასავლეთის ბევრ ქვეყანაში. რუსეთის ათასობით მოქალაქე 23 და 31 იანვარს ქუჩებში გავიდა დემონსტრაციებში მონაწილეობის მისაღებად. პოლიციამ ძლიერი ზეწოლა განახორციელა დემონსტრანტებზე, ნავალნის ბევრი მოკავშირე დააპატიმრა და შემდეგ - ზოგ შემთხვევაში ძალადობრივად - დააკავა ათასობით პირი, რომელიც დემონსტრაციებში იღებდა მონაწილეობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG