სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, 11 თებერვალს ჯგუფურად კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში 4 ექიმი მიეცა.
უწყების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ისინი უცხოეთის მოქალაქეებისთვის ამზადებდნენ ყალბ ცნობებს:
„გამოძიებით დგინდება, რომ შპს „მე-4 პოლიკლინიკის“ დირექტორი, შპს “მე-4 სამედიცინო ცენტრი”-ს დირექტორი, ამავე სამედიცინო დაწესებულების ექიმი და შპს „ოჯახის მკურნალი“-ს ექიმი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, საქართველოდან გაძევების გადავადების მიზნით, 250-დან 500 ლარამდე თანხის სანაცვლოდ, ამზადებდნენ და ასაღებდნენ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბ ცნობებს, სადაც დაფიქსირებული იყო არარეალური დიაგნოზი“, - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.
უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.