Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმენეთის პრეზიდენტმა საკუთარი შვილი თავის მოადგილედ დანიშნა


პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა საკუთარი შვილი, სერდარი, დანიშნა თავის მოადგილედ და თურქმენეთის კონტროლის უმაღლესი პალატის თავმჯდომარედ. ამის შესახებ იუწყება რადიო თავისუფლების თურქმენული სამსახური, რომლის თანახმად, 39 წლის სერდარ ბერდიმუხამედოვისთვის საგანგებოდ შეიქმნა დამატებითი ვიცე-პრემიერის თანამდებობა.

გარდა ამისა, ვიცე-პრემიერი სერდარ ბერდიმუხამედოვი გახდება თურქმენეთის უშიშროების საბჭოს წევრიც.
მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის წინ, სასწრაფოდ ჩაუტარდა რემონტი კონტროლის პალატას, სადაც 10 თებერვალს იმყოფებოდა ჩვენი რადიოს კორესპონდენტი, რომელმაც შეიტყო, რომ სერდარ ბერდიმუხამედოვისათვის ააშენეს სპეციალური დასასვენებლი ტერასა და, ასევე, ყვითლად შეღებეს ახლომდებარე სახლები. თუმცა, მეზობელ სახლებში მცხოვრები მობინადრეები პოლიციას გაუფრთხილებია, რომ ეზოებში ეკრძალებათ პირადი ავტომობილების გაჩერება.

თურქმენეთის პრეზიდენტის 39 წლის შვილს მანამდე ეკავა მშენებლობისა და წარმოების მინისტრის პოსტი. მისი ასეთი სწრაფი აღმასვლა კარიერულ კიბეზე წარმოშობს ვარაუდს, რომ 63 წლის ავტოკრატი ლიდერი შვილს თავის პოლიტიკურ მემკვიდრედ ამზადებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG