Accessibility links

site logo site logo

გიორგი გახარია ნიკა მელიას მხრიდან გირაოს გადაუხდელობას პოლიტიკურ ხულიგნობას უწოდებს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ნათქვამს გირაოს არგადახდასთან დაკავშირებით პოლიტიკურ ხულიგნობას უწოდებს. მან ამ კონტექსტში საუბრის დროს თქვა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციაა და არსებული ეკონომიკური თუ სხვა პრობლემების ფონზე საკითხი უკვე უსაფრთხოების კუთხითაც პრობლემური ხდება.

"ერთხელ და სამუდამოდ, პოლარიზაციის ეს ხარისხი, ბოიკოტები და პოლიტიკური ხულიგნობები უნდა დასრულდეს, იმიტომ, რომ ქვეყანას იმხელა გამოწვევები აქვს ეკონომიკურიც, უსაფრთხოების თვალსაზრისით... ქვეყანას იმხელა გამოწვევები აქვს, რომ შეუძლებელია, ცალკე აღებული რომელიმე ძალა მარტო გაუმკლავდეს ამ გამოწვევებს. ეს პოლიტიკური პოლარიზაცია და პოლიტიკური ხულიგნობა ან უშინაარსო ქმედებები ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემა ხდება... იმის მაგივრად, რომ ვიჭორაოთ ან ერთმანეთს დავემუქროთ "გადავიხდი გირაოს" ან "არ გადავიხდი", ყველამ სჯობს ის მანდატი გავიაზროთ, რაც მოქალაქეებმა არჩევნების დროს დაგვაკისრეს", - განაცხადა გახარიამ.

ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად პროკურატურისგან მიცემული ვადა დღეს ეწურება. მელია ამბობს, რომ არც ის და არც მისი თანაპარტიელები ამ თანხას არ გადაიხდიან და ამის გამო "ვერ დაიჭერენ".

მან გირაოს თანხა, 40 000 ლარი, სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე არ გადაიხადა და, ასევე, გირაო არ უზრუნველყო რაიმე ქონებით. პროკურატურამ მას 5 თებერვალს დამატებით ერთი კვირა მისცა.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური.

ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. მელიას, ასევე, აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG