Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურა ჭიაბერაშვილი: აუცილებლად მიმაჩნია გზა დავუთმოთ მომავალ თაობას


"ევროპული საქართველოს" წევრი, ზურა ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ აუცილებელია "გზა დაუთმოს მომავალ თაობას". ეს განცხადება დროში ემთხვევა პარტიაში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებს. ჭიაბერაშვილი ბლოგპოსტში მკაფიოდ არ ამბობს, რომ პარტიას ტოვებს, თუმცა ამაზე მიანიშნებს.

გთავაზობთ ამონარიდს ბლოგპოსტიდან, რომელიც დღეს გამოაქვეყნა:

"თუ რადიკალური ცვლილებები გვინდა, ყველამ ჩვენი თავიდან უნდა დავიწყოთ – ოპოზიციამ, ცალკეულმა პარტიებმა, თითოეულმა პიროვნებამ. ფაქტია, რომ ამ სახით გარღვევა არ ხდება.

ამიტომ აუცილებლობად მიმაჩნია, გვერდზე გაწევით (და არა უკანდახევით), გზა დავუთმოთ მომავალ თაობას. ჩემს გარშემო უამრავ ახალგაზრდას ვხედავ, რომელსაც მე ვანდობდი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საქმეების მოგვარებას.

გამოცდილება, რაც საჯარო სამსახურში 17-წლიანი მუშაობით დამიგროვდა, ეკუთვნის იმ ქვეყანას, რომლის სამსახური ჩემთვის პატივია. სოციალური მედია იძლევა იმის საშუალებას, რომ პერიოდულად ჩემი აზრი დაინტერესებულ ადამიანებს გავაცნო.

წარმატებას ვუსურვებ ჩემს ქვეყანას".

რადიო თავისუფლებას სურდა, მასთან დაეზუსტებინა, ტოვებდა თუ არა პარტიას, თუმცა მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.

10 თებერვალს ამავე პარტიის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "ევროპულ საქართველოში" სტრუქტურული ცვლილებებია. პარტიის დატოვებაზე კითხვაზე პასუხის გაცემის დროს ის ამბობდა, რომ საზოგადოება პარტიაში მიმდინარე ცვლილებების შესახებ, მათ შორის, მის პირად გადაწყვეტილებაზე, რამდენიმე დღეში გაიგებდა.

ახლა "ევროპულ საქართველოში" ლიდერები არიან შეკრებილი. როგორც მათ ჟურნალისტებს უთხრეს, მთავარი საკითხი სწორედ სტრუქტურული ცვლილებებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG