Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეცვლის თუ არა "კარტოგრაფების საქმეს" სინოდის დასკვნა დავითგარეჯზე


დავითგარეჯა. 28 მაისი, 2019 წ.
დავითგარეჯა. 28 მაისი, 2019 წ.

11 თებერვალს სინოდის სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო დავითგარეჯის თემაც - ეკლესია ხელისუფლებას სთხოვს, აღდგეს 2007 წლამდე ჩიჩხიტურის მონასტრის და 2019 წლამდე უდაბნოს მონასტრის ტერიტორიებთან დაკავშირებული სტატუს-კვო, რა დროსაც ორივე მონასტერს ქართული მხარე განაგებდა. 

სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, სანამ განჩინება გამოქვეყნდებოდა, აბბა ალავერდელმა ეპისკოპოსმა საზოგადოებას გააცნო სინოდის პოზიცია, რომ საზღვრის ხაზი აზერბაიჯანთან გარეჯის მონაკვეთზე უნდა გაივლოს 1937-38 წლებში შედგენილი 1:200 000-იანი რუკის საფუძველზე, ახალციხის ეპისკოპოსმა კი აღნიშნა, რომ სინოდის სხდომაზე არავის უხსენებია „კარტოგრაფების საქმის” ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გვარები.

იურისტები თვლიან, რომ სისხლის სამართლის საქმეში სინოდის განჩინება, რაც უნდა ეწეროს მასში, ვერც მტკიცებულებად გამოდგება და ვერც სხვა სამართლებრივ ძალას შეიძენს, თუმცა შეიძლება გავლენა იქონიოს საზოგადოებრივ აზრზე.

მღვდელმთავრების პოზიცია იდენტურია პროკურატურის პოზიციისა და, ამავე დროს, ნაწილობრივ ემთხვევა კომისიის პოზიციას, რომელიც აზერბაიჯანულ მხარეს ტერიტორიების გაცვლით დავითგარეჯის კომპლექსში შემავალი ძეგლების სრულად ქართული მხარის ტერიტორიაზე მოქცევას სთავაზობდა. აზერბაიჯანისთვის საინტერესო სტრატეგიული სიმაღლეების დათმობას რელიგიური ძეგლების სასარგებლოდ, მოქმედი ხელისუფლება და პროკურატურა ღალატად აფასებენ.

  • რა გავლენა შეიძლება იქონიოს სინოდის დასკვნამ დავითგარეჯის შესახებ „კარტოგრაფების საქმეზე”?
  • აჩვენებს თუ არა მღვდელმთავრების მხრიდან ამ საქმის სინოდზე განხილვა ეკლესიის ინტერესს გამოძიების მიმართ, რომლის მიმართაც არსებობს ეჭვი, რომ ის პოლიტიკურად მოტივირებულია?

რადიო თავისუფლებამ ეს კითხვები ყოფილ და მოქმედ სასულიერო პირებს დაუსვა.

„სინოდი აგრძელებს ხელისუფლების და პროკურატურის დახმარებას ამ დადგენილებით საზღვრების შესახებ, რომელიც ნორმალურ სახელმწიფოში აბსოლუტურად არ არის რელიგიური ორგანიზაციის საქმე. აქ ასევე ჩანს ის გარემოებაც, რომ საქართველოში ეკლესია არის სახელმწიფო სახელმწიფოში”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბასილ კობახიძემ, ყოფილმა დეკანოზმა. ის მიიჩნევს, რომ დავითგარეჯის საქმეზე სინოდი ხელისუფლებასთან ერთად ორკესტრირებულ პროპაგანდას აწარმოებს და, მეტიც, „კარტოგრაფების საქმის“ ბრალდებულები შესაძლოა ციხეში არც კი მოხვედრილიყვნენ, რომ არა არქიმანდრიტ კირიონის ჩვენება მათ წინააღმდეგ. ბასილ კობახიძის აზრით, მნიშვნელოვანია არა იმდენად ის, რას ამბობს ერთი ბერი, არამედ მთელი ეკლესიის მეთოდური ზეგავლენა მრევლზე.

„ამ ლაფში მეთოდურად ეფლობა ეკლესია, რაზეც მეტყველებს სინოდის ახლანდელი დადგენილება, სადაც რაღაც რუკებს და საზღვრებს ადგენენ სრულიად არაკომპეტენტური სასულიერო პირები”, - ამბობს ბასილ კობახიძე.

„შეურაცხმყოფელია, თუ შეიძლება, ასეთი ტერმინებით ნუ მელაპარაკებით. როგორ შეიძლება, ეკლესია ხელისუფლებასთან კი არა, საერთოდ ვინმესთან რაიმე თამაშს თამაშობდეს”, - გვითხრა ახალციხის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, როცა ვკითხეთ, მიიჩნევს თუ არა იგი წინასაარჩევნოდ დაწყებულ გამოძიებას პოლიტიკურ საქმედ, რომელშიც ხელისუფლებასაც და ეკლესიასაც თავისი ინტერესები ჰქონდა და აქვს ამ დრომდე. მან გვითხრა, რომ ამ კითხვაზე პასუხი პოლიტიკური განცხადების გაკეთებას ნიშნავს და ამის არც სურვილი აქვს და არც უფლება, თუმცა გამორიცხავს ეკლესიის, როგორც ინსტიტუტის, დაინტერესებას და მონაწილეობას „კარტოგრაფების საქმეში”, მაგრამ უშვებს იმას, რომ „ეკლესია, როგორც პიროვნებებისგან შემდგარი კრებული”, შეიძლება მართლაც ყოფილიყო ჩართული.

„ერთია სასულიერო პირი, ერთი, ორი, სამი, რას იტყვის და მეორეა, როცა ჩვენ ვიკრიბებით წმინდა სინოდზე. ვცდილობთ, ყოველ შემთხვევაში, რომ სწორად მოვიქცეთ და კორექტულები ვიყოთ”, - ამბობს მეუფე ნიკოლოზი. ის გვიყვება, რომ სინოდის სხდომაზე ალავერდელმა ეპისკოპოსმა დავითმა, რომელსაც სინოდის წევრებს შორის ყველაზე მეტი ცოდნა აქვს დავითგარეჯის კომპლექსის შესახებ, იმის გამო, რომ დიდხანს ცხოვრობდა იქ, საეკლესიო კრებაზე მღვდელმთავრებს მიაწოდა ინფორმაცია რუკებისა და პრობლემური ადგილების შესახებ და ასევე თავისი ხედვა დაუდგენელი საზღვრის საკითხის მოგვარებაზე.

„თუ კეთილი და კარგი ურთიერთობა იქნება აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან, შესაძლებელია შევთავაზოთ რაიმე სხვა ტერიტორია და ეს ტერიტორია გადმოგვცენ. ამ რუკების მიხედვით ბერთუბანი, მაგალითად, აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ რაიმე სტრატეგიული, რელიეფური, მაღლობი ან რაღაც ასეთი, რაც მათ უნდათ, ჭირდებათ და ამათმა ბერთუბანი გადმოგვცენ და ამის შემდეგ ყველაფერი მოგვარდება. ეს არის ჩვენი მხრიდან რეკომენდაცია სახელმწიფოს მიმართ”, - გვითხრა მეუფე ნიკოლოზმა.

ის, რაც მეუფე ნიკოლოზმა თქვა, რომ სინოდის რეკომენდაციაა სახელმწიფოს მიმართ, ახალი იდეა არ არის. დავითგარეჯთან დაუდგენელი საზღვრის ბედის ამგვარ გადაწყვეტაზე ფიქრობდა კომისიაც და არსებობს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის 12 მაისს გაკეთებული განცხადებაც, რომელიც, მაგალითად, პარლამენტარმა გიორგი ვოლსკიმ 2020 წლის 2 თებერვალს პარლამენტის ტრიბუნიდან გაიხსენა, მას აბსურდი უწოდა და შესაძლო დანაშაულის მტკიცებულებად წარმოაჩინა.

მიხეილ სააკაშვილი 2007 წელს ამბობდა, რომ ილჰამ ალიევთან ერთად დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის განხილვისას გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს. „საზღვარის ხაზი უნდა გაივლოს ისე, რომ სტარატეგიული სიმაღლე, რომელიც აზერბაიჯანს ქვეყნის შიგნით სჭირდება, აზერბაიჯანის ტერიტორიაში მოყვეს, ხოლო დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე უნდა დარჩეს”, - თქვა მაშინ საქართველოს პრეზიდენტმა.

„ეს ხომ იგივეა, რომ თქვა, აგერ, მეზობელ რომელიმე ქვეყანას მთაწმინდას დავუთმობ, სჭირდება და დანარჩენი ტერიტორია ისე შემოიხაზება, რომ ჩვენად უნდა დარჩესო“, - იკითხა გია ვოლსკიმ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც სააკაშვილის ეს განცხადება გაიხსენა.

მეუფე ნიკოლოზს ვკითხეთ, განიხილეს თუ არა სინოდის სხდომაზე აზერბაიჯანთან ტერიტორიის მონაცვლეობით გარეჯის საკითხის გადასაწყვეტად ამ დრომდე გაკეთებული განცხადებები, რაზეც გვითხრა, რომ ამ დეტალებს არც იცნობს და არც უნდა იცნობდეს, რადგან ეს სასულიერო პირების კომპეტენციაში არ შედის.

„ჩადიოდნენ, ამბავს ტეხდნენ, ამბობდნენ, აი, ჩვენ სისხლით მორწყულ მიწას გვართმევს მუსლიმი აზერბაიჯანი. მორალური პანიკა ხომ იმისთვის არის საჭირო, რომ ხალხი დაზაფროს, შიშიანი აღტკინება, ფსევდოპატრიოტული გრძნობების გაღვიძება გამოიწვიოს. ეკლესიას უნდა იყოს როგორც რელიგიური, ასევე ქართველი პატრიოტიზმის ლიდერი. შესაბამისად, ეკლესია საქართველოს წარმოაჩენს მტრებით გარშემორტყმულ ციხესიმაგრედ: სხვადასხვა მასონები, მუსლიმები, კათოლიკები, ევროპელი ჰომოსექსუალები, ლიბერასტები და ათასი ჯურის მტრები ღვთივრჩეულ ქართველ ხალხს ცდილობს წაართვას მეობა, ქართველობა, კაცობა და ათასი რამ. ასეთი დამოკიდებულებაა”, - ასე აღწერს გარეჯის ირგვლივ წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესებს ბასილ კობახიძე, რომელსაც ეჭვი არ ეპარება, რომ ეს პროცესები აზერბაიჯანთან ურთიერთობაზე კარგად არ აისახება და არც საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანული მოსახლეობისთვის იქნება სასიამოვნო. ის ამ ყველაფრის უკან რუსეთის ინტერესს ხედავს, რომელიც ცდილობს საზოგადოების იმაში დარწმუნებას, რომ საქართველოს რუსეთის გარდა სხვა ოკუპანტი მეზობლებიც ჰყავს. ბასილ კობახიძე იხსნენებს მეუფე ნიკოლოზის მიერ ტელეგადაცემებში გაკეთებულ განცხადებებს, სადაც ის ოკუპანტად იხსენიებს აზერბაიჯანს, თურქეთს, სომხეთს.

„რუსეთის სახელმწიფო არის ოკუპანტი საქართველოს მიმართ. რუსეთს 20%, თუ მეტი, ოკუპირებული აქვს ჩვენი მიწების. ქართული მიწები ოკუპირებული აქვს თურქეთის სახელმწიფოსაც, აზერბაიჯანსაც და სომხეთსაც ნაწილობრივ. ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ოკუპაცია 2008 წელს მოხდა თუ 1921 წელს. ვგულისხმობ იმას, რომ ტაო-კლარჯეთი არის საქართველო, საინგილო არის საქართველო, გარეჯი არის საქართველო, და არასოდეს ეს არ შეიცვლება…” - თქვა „რუსთავი 2“-ის ეთერში მეუფე ნიკოლოზმა 8 თებერვალს. მან დღეს ჩვენთან საუბრისას განმარტა, რომ როცა სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ოკუპანტობაზე საუბრობს, ამით მხოლოდ იმას აფიქსირებს, რომ ამ ქვეყნების ტერიტორიაზე ისტორიულად ქართული მიწებია მოქცეული და მას იმედი აქვს, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებით ერთ დღესაც საქართველო ამ ტერიტორიებს დაიბრუნებს.

„მე ვამბობ, რომ ეს ტერიტორიები ქართული ტერიტორიებია. გასაგებია, რომ დღეს ამ ტერიტორიებზე პრეტენზიები ვერ გვექნება, მაგრამ როგორც ახლა დავითგარეჯზე გვაქვს იმედი, რომ დადგება დრო, შესაბამისი მშვიდობიანი მოლაპარაკებით [დავიბრუნებთ]. არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ეს ტერიტორიები ქართული მიწებია. არანაირი მოწოდება ჩემი მხრიდან, რომ ეს რაიმე შეიარაღებული კონფლიქტით მოგვარდეს, არ ყოფილა”, - ამბობს ეპისკოპოსი ნიკოლოზი.

რა ჩაიწერა საბოლოოდ სინოდის განჩინებაში დავითგარეჯზე

„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დავით გარეჯის კომპლექსის დღევანდელი სადაო მონაკვეთის, მონასტრები: ჩიჩხიტური და უდაბნო, - წარმოადგენს ქართველი ერის ისტორიული, სარწმუნოებრივი და კულტურული იდენტობის ნაწილს.

სახელმწიფო საზღვრის დამდგენი მთავარი იურიდიული დოკუმენტი დღემდე არის 1996 წ. 13 ივნისის ოქმი, რომელიც ორივე ქვეყნის მიერაა აღიარებული და მასზე ხელი აქვს მოწერილი საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების მიერ დადგენილი სახელმწიფო კომისიების უფლებამოსილ პირებს.

აღნიშნულ დოკუმენტში მკაფიოდაა განსაზღვრული, რომ ქვეყნებს შორის სახელმწიფოთა საზღვარი უნდა გაივლოს 1938 წ. მდგომარეობით, ხოლო 1938 წ. სასაზღვრო მდგომარეობის დამდგენ უპირატეს და ლეგიტიმურ კარტოგრაფიულ მასალას წარმოადგენს 1937-38 წლებში დაბეჭდილი 1: 200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა. ამას ამტკიცებს საქართველოს ყველა პროფესიონალი კარტოგრაფი, რომელთაც შესაბამისი სამეცნიერო უფლებამოსილება და კომპეტენცია აქვთ.

დავით გარეჯის აღნიშნულ მონაკვეთთან მიმართებაში საქართველოს საპატრიარქო, 2007 წლიდან მოყოლებული, მუდამ აფიქსირებდა თავის პოზიციას და აღნიშნული საკითხისადმი ჩვენი დამოკიდებულება დღემდე უცვლელია; კერძოდ, 1996 წლიდან ამ სასაზღვრო შეუთამხმებელ მონაკვეთში, ჩვენს სახელმწიფოთა შორის არ მომხდარა სხვა რაიმე იურიდიული შეთანხმება, რაც არსებულ დე-ფაქტო მდგომარეობას შეცვლიდა, ხოლო საერთაშორისო სამართლის ნორმებით სახელმწიფოთა მხრიდან დაუშვებელია დე-ფაქტო მდგომარეობის ცვლილება ცალმხრივად, რაც სამწუხაროდ განხორციელდა 2007 წელს მონასტერ ჩიჩხიტურთან და 2019 წელს მონასტერ უდაბნოსთან მიმართებაში, რის შედეგადაც სასულიერო პირებს, მომლოცველებს და გარეჯის კულტურული მემკვიდრეობის სანახავად ჩასულ პირებს აეკრძალათ ჩვენი წმინდა მონასტრების მოლოცვა-მონახულება.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენს მეგობარ და პარტნიორ აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან აწარმოოს მოლაპარაკება, რათა, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, აღდგეს 2007 წლამდე ჩიჩხიტურის მონასტრის და 2019 წლამდე უდაბნოს მონასტრის ტერიტორიებთან დაკავშირებული სტატუს-კვო, რა დროსაც ორივე მონასტერს ქართული მხარე განაგებდა.

ვიმედოვნებთ, განახლებული დელიმიტაციის პროცესი წარიმართება ისე, რომ არ მოხდება ჩვენი ქვეყნის იმ ისტორიული ტერიტორიების ხელყოფა, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებით, იურიდიულად და კარტოგრაფიულად საქართველოს კუთვნილებაა”.

ფაქტობრივი უზუსტობები სინოდის განჩინებაში ივერი მელაშვილის ადვოკატის განმარტებით

  • 1:200 000 მასშტაბის რუკები არა 1937-38 წლებში აზომილი და შემუშავებული გეგმების საფუძველზეა დაბეჭდილი, არამედ 1933-34 წლების მონაცემების საფუძველზეა დაბეჭდილი 1937-38 წლებში;
  • 1996 წელს სახელმწიფოები არა 1:200 000 რუკების გამოყენების აუცილებლობაზე, არამედ 1:500 000 მასშტაბის რუკაზე დატანილი 1938 წელს ორმხრივად შეთანხმებული ხაზის გამოყენებაზე შეთანხმდნენ.

არსებობს კიდევ ერთი გარემოება სადავო რუკასთან დაკავშირებით - მისი გამოყენების შემთხვევაში აზერბაიჯანის მხარეს ექცევა არა მხოლოდ ბერთუბანი, არამედ წითელი ხიდიც.



დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG