რუსეთიდან აქტივისტები 13 თებერვალს აცხადებენ, რომ პოლიციამ გაჩხრიკა ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის ჩელიაბინსკის ოფისი.
აქტივისტები ტვიტერზე წერენ, რომ ჩხრეკა ჩატარდა მაშინ, როცა ოფისში არავინ იყო. "შტაბბინაში მოვედით და ასე დაგვხვდა", - წერენ აქტივისტები და აქვეყნებენ ჩხრეკის შემდგომი არეულ-დარეული ოთახების ფოტოებს. "ოფისში რეიდი განხორციელდა მაშინ, როცა ჩვენ სახლებიდან ვმუშაობდით", - დასძენენ ისინი.
პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხმამაღალი კრიტიკოსი, 44 წლის ნავალნი 17 იანვარს დააპატიმრეს, როცა რუსეთში დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც მას ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდნენ. ნავალნი მოწამვლაში პუტინს ადანაშაულებს, კრემლი უარყოფს ინციდენტში რაიმე ფორმით მონაწილეობას.
ათიათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა 23 და 31 იანვარს გამართულ აქციებში, რომლებზეც ნავალნის დაპატიმრებას აპროტესტებდნენ. ნავალნის დაპატიმრებას მძაფრი კრიტიკა მოჰყვა დასავლეთის ქვეყნებისგანაც.
ბოლო ხანებში ნავალნის გუნდმა ტაქტიკა შეცვალა, რადგან მასობრივი გამოსვლები ათასობით პირის დაპატიმრებას იწვევს. ნავალნის მოკავშირეები ახლა მოსახლეობას მოუწოდებენ, 14 თებერვალს, ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათზე მობილურ ტელეფონებზე სინათლე აანთონ, სხივი ცისკენ მიმართონ და ამ საპროტესტო აქციის ამსახველი ფოტოები სოციალური მედიით გამოაქვეყნონ.
14 თებერვალს დაგეგმილი აქციის შეზღუდვის მიზნით, რუსეთის მედიის ფედერალურმა მარეგულირებელმა ორგანომ მედიასაშუალებებს, მათ შორის რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურსა და რადიო თავისუფლების რუსულენოვან ტელეარხ "ნასტოიაშჩეე ვრემიას", უბრძანა, წაშალონ ყველა ცნობა ამ ღონისძიების თაობაზე.
დაწერეთ კომენტარი