Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზილფიმიანი: იმ მელიას შვილისთვის, რომელმაც ბევრი სტენტი ჩამისვა, იმუნიტეტის მოხსნას მხარს ვერ დავუჭერ


საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, დავით ზილფიმიანი აცხადებს, რომ არ დაუჭერს მხარს ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას.

„მხიარულ ნოტაზე იმას ვიტყვი, რომ იმ მელიას შვილისთვის, რომელმაც მე ბევრი სტენტი ჩამისვა, ვერაფრით დავუჭერ მხარს იმუნიტეტის მოხსნას. სერიოზულ ნოტაზე, მაინც არ დავუჭერ მხარს. იმ მიზეზით, რომ ჯერ ერთი ამ ნაწილში მაინც სოლიდარულები უნდა ვიყოთ ოპოზიციონერები“, - ამბობს ზილფიმიანი. ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია, ექიმი და კლინიკა „გულის“ დამფუძნებელია.

ზილფიმიანი, ასევე, ამბობს, რომ ნიკა მელია „ოპოზიციონერი კოლეგაა, ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ მხარი არ დავუჭიროთ... მარტო ის, რომ ითხოვს პროკურატურა, ეს შეიძლება ჩემთვის საკმარი არ იყოს”.

საქართველოს პროკურატურამ 12 თებერვალს პარლამენტს მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობაზე წინასწარი თანხმობის მისაღებად.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. მელიას გირაოს გადასახდელად პროკურატურისგან მიცემული ვადა 12 თებერვალს ამოეწურა.

არსებული ინფორმაციით, პარლამენტის ბიურო ნიკა მელიასათვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს დღეს, 15 თებერვალს განიხილავს, პლენარულ სხდომაზე კენჭს კი 16 თებერვალს უყრის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG