Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა ნიკა მელიას იმუნიტეტს მოუხსნის


ნიკა მელია
ნიკა მელია

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები ხვალ, 16 თებერვალს განიხილავენ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს.

პარლამენტს მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერების შუამდგომლობით გენერალურმა პროკურორმა მიმართა, მას შემდეგ, რაც ნიკა მელიამ არ გადაიხადა აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო. თავად მელიამ დღესაც განაცხადა, რომ გირაოს არ გადაიხდის და ხელისუფლება ვერ დაიჭერს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ როგორც საკომიტეტო დონეზე, ასევე პლენარულ სხდომაზე მიიღებენ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილებას, „რათა არავის მიეცეს შესაძლებლობა, დადგეს კანონზე მაღლა, შეგნებულად და მიზანმიმართულად მოუწყოს პროვოკაცია სახელმწიფო ინსტიტუტებს, კანონის უზენაესობის და თანასწორობის პრინციპებს“.

როგორც ქადაგიშვილმა თქვა, მმართველი გუნდის პოზიცია მკაფიოა - „კანონზე მაღლა არავინ დგას და სადეპუტატო იმუნიტეტი იმისთვის არ არსებობს, რომ მართლმსაჯულების აღსრულება შეაფერხოს და დეპუტატს, რომელიც სრულიად ღიად, ცალსახად და შეგნებულად გადის კანონის ჩარჩოებიდან, ხელი დააფაროს“.

საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარის თანახმად, მხოლოდ მელიას გადასაწყვეტია, დაემორჩილება კანონის მოთხოვნებს და გადაიხდის მისთვის დაწესებულ გირაოს, თუ პროვოკაციული გადაწყვეტილებით დაიმძიმებს აღკვეთის ღონისძიების პირობებს.

„საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ რადიკალურ ოპოზიციას არავითარი სამართლებრივი, პოლიტიკური თუ მორალური არგუმენტი არ გააჩნია აშკარა პროვოკაციის გასამართლებლად და ერთადერთი სპეკულაციური არგუმენტი, რისი შეთხზვაც მოახერხეს, ნიკა მელიას გავრილოვის პატიმრად გასაღების მცდელობაა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, მელიას აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის პირველი შემთხვევის გამო, დღემდე შეფარდებული აქვს იგივე აღკვეთის ღონისძიება - გირაო და ამ დარღვევის მიუხედავად, ჯერჯერობით მხოლოდ თანხის ოდენობაა გაზრდილი, რომლის გადახდის შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიება ვერ დაუმძიმდება: „კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ნიკანორ მელია თავად წყვეტს თავისივე აღკვეთის ღონისძიების დამძიმება-არდამძიმების ბედს და თუ ის კანონს დაემორჩილება, მისი დაპატიმრება თეორიულადაც შეუძლებელია. ყველაფერი დანარჩენი მდარე სპეკულაცია და ქვეყანაში არეულობის მოწყობის თუ საპროტესტო მუხტის აწევის უსუსური მცდელობაა“.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 5 თებერვალს განაცხადა, რომ ბრალდებულ ნიკა მელიას, რომელმაც გირაოს თანხა, 40 000 ლარი არ გადაიხადა სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე, დამატებით ერთ კვირას აძლევს მის გადასახდელად. მელიამ იმავე დღეს თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდის და ვერც დააკავებენ.

ერთკვირიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, 12 თებერვალს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მიმართა თანხმობისთვის, რათა პროკურატურამ სასამართლოსგან ითხოვოს ნიკა მელიას მიმართ გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლა.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური.

ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. მელიას, ასევე, აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.

ნიკა მელია საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია. მიუხედავად იმისა, რომ მას ოპოზიციიდან არჩეულ კიდევ 50 დეპუტატთან ერთად პარლამენტისთვის ოფიციალურად აქვს მიმართული უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით, 2 თებერვალს პარლამენტმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მელიას დეპუტატის მანდატი ერთხელ უკვე ჩამორთმეული აქვს. 2019 წლის დეკემბერში, წინა, მეცხრე მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების" უმრავლესობამ მას უფლებამოსილება შეუწყვიტა ბანკ „ქართუს“ გაკოტრების მცდელობის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკა მელია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, 25 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა და 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG