ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 15 თებერვალს თალიბანს მოუწოდა შეამციროს ძალადობა ავღანეთში და განაცხადა, რომ მოკავშირეთა ჯარების გამოსვლა დამოკიდებული იქნება ადგილზე არსებულ ვითარებაზე.
"ჩვენი საერთო მიზანი ნათელია: ავღანეთი აღარასოდეს უნდა გახდეს ტერორისტთა თავშესაფარი, ჩვენს სამშობლოებზე თავდასხმების მოსაწყობად" - თქვა სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე და დასძინა: "არც ერთ მოკავშირეს არ სურს ავღანეთში იმაზე მეტხანს დარჩენა, ვიდრე საჭიროა, მაგრამ ჩვენ არ წავალთ მანამდე, სანამ საამისო დრო დადგება".
სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ თალიბანის ექსტრემისტებმა "უფრო მეტი" უნდა გააკეთონ აშშ-სთან გასულ წელს მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების პირობების შესასრულებლად, რათა 2021 წლის მაისისთვის შესაძლებელი გახდეს უცხოეთის ჯარების გასვლა.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ახალი ადმინისტრაცია ამბობს, რომ განიხილავს აშშ-თალიბანის შეთანხმებას, რომელსაც ხელი გასული წლის თებერვალში მოეწერა, რათა დაადგინოს, ასრულებს თუ არა ექსტრემისტული ჯგუფი ნაკისრ ვალდებულებებს, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტას და ავღანეთის მთავრობასთან ქმედითი მოლაპარაკების დაწყებას. ამ შეთანხმების თანახმად, ავღანეთი მაისში უცხოეთის ყველა სამხედრომ უნდა დატოვოს, თალიბანისგან უსაფრთხოების გარანტიის სანაცვლოდ - მათ მიერ ალ-ყაიდასთან კავშირის გაწყვეტის ჩათვლით.
მიუხედავად ავღანეთის მთავრობას და თალიბანის წარმომადგენლებს შორის სექტემბერში, ყატარში დაწყებული სამშვიდობო მოლაპარაკებისა, ავღანეთში ძალადობის დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა.